მარკოიშვილმა ევროლიგაში “ლიმოჟთან” 10 ქულა და 5 პასი მიითვალა

მარკოიშვილმა ევროლიგაში “ლიმოჟთან” 10 ქულა და 5 პასი მიითვალა

მანუჩარ მარკოიშვილმა შემოდგომა გაიხსენა – დრო, როცა ის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და თითქმის ყოველ მატჩში გამორჩეულად თამაშობდა. თითქმის ორთვიანმა ტრავმამ ქართველი უკანახაზელის შედეგიანობა შეაჩერა, თუმცა როგორც ჩანს, მანუჩარი ნატკენ ფეხს ირჩენს და ჩვეულ ფორმას უბრუნდება. დღეს, ევროლიგის ბოლო ტურში მარკოიშვილი მოსკოვურ გრანდს ფრანგული “ლიმოჟის” განადგურებაში დაეხმარა.
არმიელებს, რომელსაც მანამდე გამართული 9-ავე შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, ფრანგულ კლუბთან გამარჯვება წინდაწინ განაღდებული ჰქონდა. წარმოუდგენელი ამბავია, რომ „ლიმოჟმა“ მოსკოვში ცსკა-ს რამე დააკლოს. ცსკა-მ არ დაინდო მეტოქე და 88:56 დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 10 ქულას მანუჩარმა 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
მარგი ქმედების კოეფიციენტით (14) მარკოიშვილი ცსკა-ში მხოლოდ ანდრეი ვორონცევიჩსა (19) და ვიტალი ფრიძონს (17) ჩამორჩა. ვორონცევიჩმა 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფრიძონის ანგარიშზე 17 ქულა და 5 პასი დაგროვდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი გავა, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდება. ცსკა F ჯგუფშია და მის მეტოქეთაგან ჯერ მხოლოდ „ოლიმპიაკოსი“ და „ემპორიო არმანი“ არიან ცნობილნი. ხვალ, ბოლო ტურის დასრულების სემდეგ, მარკოიშვილის გუნდის მეტოქეები ცნობილნი გახდებიან.