დაიწყო ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ევროთასი, რომელსაც ადრე ულებ–ის თასი ეწოდებოდა. შემდეგ ულებ–ი და ფიბა–ევროპა მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ და ამ ტურნირის ერთობლივი ძალებით ჩატარებას შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მას ევროთასი ეწოდა. რაც შეეხება კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ ევროლიგას, მისი ერთპიროვნული ორგანიზატორი კვლავ ულებ–ი დარჩა.
ევროთასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომელიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა, რომლებიც პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას ოთხთა ფინალში მოსახვედრად.
ესვრის მანუჩარ მარკოიშვილი
ამ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი მონაწილეობს: მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ, იტალია) და ტორინ გრინი (გრან კანარია, ესპანეთი). კანტუელების მეტოქეები ჯგუფში თურქული „გალათასარაი“, ბერძნული „პანელინიოსი“ და ჰოლანდიური „გასტერა“ არიან. „გრან კანარიას“ კი ჯგუფში ჩერნოგორიული „ბუდუჩნოსტი“, ლიტვური „შაულიაი“ და უკრაინული „ბუდეველნიკი“ ჰყავს. პირველი ტური 16 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მარკოიშვილის გუნდმა იმარჯვა, გრინისამ კი – წააგო.
„კანტუმ“ ბერძნულ „პანელინიოსს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 72:57 დაამარცხა. ბერძნები თავიდან მედგრად ებრძოლებოდნენ მასპინძლებს, ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა მხოლოდ 4 ქულა იყო „კანტუს“ სასარგებლოდ, თუმცა ბოლო პერიოდში იტალიურმა გუნდმა იძალა. მარკოიშვილი 8 ქულას დასჯერდა, თუმცა გამთამაშებლის ფუნქციები კარგად შეითავდსა და მატჩში ყველაზე მეტი – 5 პასი დააგროვა. მანუჩარს ასევე 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.
„გრან კანარიამაც“ შინ ითამაშა, მაგრამ უკრაინული „ბუდეველნიკის“ დამარცხება ვერ მოახერხა. კიეველები საკმაოდ მობილიზებულნი ჩავიდნენ ესპანურ კუნძულზე და 62:58 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ტორინ გრინი ამ მატჩის ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19,24 წუთში 11 ქულა მოაგროვა.მან 6–დან 3 სამიანი და 2–დან ორივე ჯარიმა ჩააგდო, პასები და მოხსნები კი მის ანგარიშზე არ ყოფილა.
მომდევნო ტური 23 ნოემბერს გაიმართება. „გრან კანარია“ პოდგორიცეში „ბუდუჩნისტს“, ხოლო „კანტუ“ სტამბოლში „გალათასარაის“ შეხვდება.