მანუჩარ მარკოიშვილმა თავისი ძალა მოსამზადებელ მატჩებშიც გამოაჩინა. იტალიური “კანტუს” ქართველმა უკანახაზელმა გასული სეზონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ამპლუაში დაასრულა და ეს სტატუსი ამ დღეებში გამრთულ მატჩებშიც გაამართლა. იტალიაში ლომბარდიის თასისთვის ბრძოლაში ოთხი კლუბი ჩაერთო: “კანტუ”, “მილანი”, “კრემონა” და “ვარეზე”. პირველ ნახევარფინალში მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” “კრემონა” გაანადგურა (70:50), მეორეში “მილანმა” “ვარეზეს” 74:60 სძლია. ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ “მილანი” და “კანტუ” წარსდგნენ. დაძაბული შეხვედრა “კანტუს” გამარჯვებით 80:78 დასრულდა. მარკოიშვილმა გუნდს 18 ქულა შესძინა.
ნახევარფინალში “კრემონას” დამარცხება პირველ რიგში მანუჩარ მარკოიშვილის დამსახურებაა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. ქართველი უკანახაზელი შორიდან ჩინებულად ესროდა და საბოლოოდ კანტუელთა ბომბარდირიც შეიქნა.
საინტერესოა, რომ “კრემონას” მანუს ყოფილი მწვრთნელი ტომო მაჰორიჩი ხელმძღვანელობს. ისინი ერთად “კიევში”, 2007-08 წლებში მუშაობდნენ. “კრემონაში” “კიევის” მაშინდელი კაპიტანი არტურ დროზდოვი ირიცხება, რომელმაც “კანტუსთან” 11 ქულა ჩააგდო.