მოსამზდებელ მატჩებში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც “ბენეტ კანტუს” ზედიზედ მეორე ამხანაგური ტურნირი მოაგებინა. წინა კვირას “მანუს” გუნდმა “კრემონასა” და “მილანს” აჯობა და ლომბარდიის თასი დაისაკუთრა, ქართველმა კალათბურთელმა კი, შესაბამისად, 19 და 18 ქულა მიითვალა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ამჯერად კი, მარკოიშვილის გუნდი “ვიტო ლეპორეს” სახელწოდებით ცნობილ ტურნირში ჩაება და გამარჯვება ისევ არავის დაუთმო, მთავარი გმირი კი კვლავაც მანუჩარი გახლდათ. ნახევარფინალში კანტუელებმა “ანჯელიკო ბიელას” 86:74 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 16 ქულა ჩააგდო.
ფინალში “ბენეტ კანტუს” მეტოქე “ეარ აველინო” გახლდათ, რომელმაც მანამდე “დინამო სასარი” 88:67 გაანადგურა. მარკოიშვილმა ამჯერად 13 ქულა მიითვალა, მისმა კლუბმა კი დაძაბულ მატჩში 74:73 იმარჯვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ აველინოელთა ქართველი ახალწვეული მერაბ ბოქოლიშვილი ტურნირზე ორივე მატჩის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
მანუჩარ მარკოიშვილი
ამხანაგური ტურნირი მოილია ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარმაც”, რომელიც გასულ უქმეებზე პორტო სანტ’ელპიდიოს ოთხთა ტურნირზე იასპარეზა. სანიკიძის გუნდმა ორივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში ბოლონიელები “ფაბი მონტეგრანაროსთან” 62:78 დამარცხდნენ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კი 8 ქულა მიითვალა და ბოლონიელთა რიგებში მხოლოდ ჰომანსა (16) და კემპს (15) ჩამორჩა.
მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში “კანადიან სოლარი” პეზაროს “სკავოლინის” გადაეყარა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედის შემდეგ 29:18-ს იგებდა, საბოლოოდ 77:90 დამარცხდა. ვიქტორმა ეს შეხვედრა 2 ქულით დაასრულა.
ვიქტორ სანიკიძე ბურთს მეტოქის კალათში ათავსებს