მარკოიშვილმა “კანტუსთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა

მარკოიშვილმა “კანტუსთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა

მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა „ბენეტ კანტუსთან“ დღეს ახალ, ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
 
მარკოიშვილმა ჩვენს ვებ–გვერდთან ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ტრავმა აწუხებს და მოედანზე გამაყუჩებლების დახმარებით გადის. ამის გამო, არსებობდა საშიშროება, რომ მასთან „კანტუს“ კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა. თუმცა იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველ კალათბურთელს ხელშეკრულება გაუფორმა, გუნდის სპორტულმა დირექტორმა ბრუნო არიგონიმ კი შემდეგი განაცხადა:
 
 „ძალიან გახარებულები ვართ, რადგან მიკოვისა და ლაუნენის შემდეგ ჩვენ მანუჩარ მარკოიშვილის შენარჩუნებაც მოვახერხეთ. კლასითა და სავარჯიშო ეთიკით მანუ ჩვენი გუნდის ერთ–ერთ ფუნდამენტალური ნაწილია“.
 
შეგახსენებთ, რომ ტრავმის მიუხედავად მარკოიშვილი „კანტუს“ ერთ–ერთი ლიდერია ამ სეზონში. მან ამ სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 11 ქულას, 2 მოხსნას და 1,5 პასს აგროვებდა. მანუჩარმა წინა, 2009–10 წლების სეზონიც „კანტუში“ გაატარა და მაშინ ის საშუალოდ 12,1 ქულასა და 3,2 მოხსნას უყრიდა თავს.
 
მარკოიშვილმა იტალიის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში „ვარეზეს“ წინააღმდედ 24 წუთში 16 ქულა მოაგროვა. ქართველი უკანახაზელის დამსახურებაცაა, რომ „კანტუმ“ რეგულარულში მე–2 ადგილი დაიკავა. პლეი ოფში მარკოიშვილის გუნდი მე–7 ადგილზე გასულ „ვარეზეს“ შეხვდება.