მარკოიშვილმა მესამე ათწუთეულში 15 ქულა ჩააგდო და გალას მოაგებინა

მარკოიშვილმა მესამე ათწუთეულში 15 ქულა ჩააგდო და გალას მოაგებინა

მანუჩარ მარკოიშვილმა „გალათასარაის“ ფინალური სერიის მეორე მატჩი მოაგებინა. თურქეთის პირველობის საჩემპიონო სერიაში“ სტამბოლური გრანდი „ბანვითსპორს“ ხვდება, რომელსაც უკვე მეორე მატჩი, ამჯერად 80:66 მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
 
მარკოიშვილმა სტამბოლელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მესამე ათწუთეულში ქართველმა უკანახაზელმა 15 ქულა ჩააგდო და „გალათასარაის“ იმხელა ლიდერობა დაუბევა, რის შემდეგაც სტამბოლურ გუნდს გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებია.
 
პირველი ტაიმის შემდეგ „გალათასარაი“ მხოლოდ 2 ქულით, 42:40 იგებდა და ამ მომენტისთვის მარკოიშვილის ანგარიშზე 2 ქულა იყო. დიდი შესვენების შემდეგ ქართველმა უკანახაზელმა დიდი შედეგიანობა გამოავლინა – მესამე პერიოდში მანუჩარმა 4 სამქულიანი, ჯამში კი 15 ქულა ჩააგდო, სტამბოლელებს მეოთხედი 26:11 მოაგებინა და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე „გალათასარაი“ 68: 51 იგებდა და გამარჯვებამდე მისვლაც აღარ გასჭირვებია.
 

 
მარკოიშვილმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და მთლიანობაში 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ანუ მარკოიშვილს ბოლო პერიოდში ქულა აღარ ჩაუგდია და ბევრიც არ უთამაშია. მატჩის ბედი გარკვეული იყო და სტამბოლელთა მწვრთნელი ქართველი მსროლელის დატვირთვას მოერიდა. მარკოიშვილი მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის კვალზე 16 ქულა მოაგროვა იამონტ გორდონმა, ხოლო ფურქან ალდემირმა თავი 15 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა.
 
„გალათასარაის“ ჩემპიონობამდე 2 მოგება აკლია. მომდევნო შეხვედრა 10 ივნისს, ბალიკეშირში გაიმართება.