როგორც ჩანს, მუხლზე ოპერაციაგადატანილი მანუჩარ მარკოიშვილი ჩვეულ ფორმას უბრუნდება. თუკი უკრაინის ჩემპიონატის საწყის ტურში “ბკ კიევის” ქართველმა უკანახაზელმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, წუხელ ის ერთ–ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, როცა კიეველებმა სტუმრად “ნიკოლაევი” 104: 68 დაამარცხეს.
მარკოიშვილი ამჯერად ხანგრძლივი დროით გამოჩნდა მოედანზე. თუკი წინა ტურში “დონეცკთან” ის 18 წუთი ათამაშეს, “ნიკოლაევთან” “მანუ” 30 წუთით იყო საქმეში. ქართველმა ლეგიონერმა თამაშიდან 9–ჯერ შეუტია,საიდანაც 6 სროლა მიზანში გაარტყა, 17 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა კიეველთა ბომბარდირ კენან ბაირამოვიჩს.
რაც ყველაზე საინტერესოა, მარკოიშვილმა კვლავ გამოაჩინა თავისი სნაიპერული თვისებები და საკუთარი მონაგრის უმეტესობა სამქულიანებით მოაგროვა. მანუჩარმა 7–ჯერ შეუტია ნიკოლაეველთა კალათს პერიმეტრის მიღმიდან და 5–ჯერ მიზანში გაარტყა. შესაბამისად, მისი 2 ორქულიანი მცდელობიდან ერთმა უწია მიზანს.
მარკოიშვილმა 17 ქულასთან ერთად 2 პასი და ერთი მოხსნაც მიითვალა, ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა. კიეველებს, როგორც ანგარიშიდან ჩანს, არ გასჭირვებიათ მეტოქის დამარცხება. ერთი პირველ მეოთხედში იყო თანაბარი ბრძოლა, მერე კი დედაქალაქელებმა პროვინციელები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხეს.
უკრაინული სუპერლიგის მომდევნო ტურში, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება, კიეველებს იოლი გასეირნება არ ექნებათ – დედაქალაქელები მძლავრ “ხიმიკს” უმასპინძლებენ.