დაიწყო თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები – მანუჩარ მარკოიშვილი (დარუშაფაკა) და ვიქტორ სანიკიძე (თედ კოლეჯი) ასპარეზობენ. პირველი ტური 3 დღეზეა განაწილებული და თავდაპირველად საქმეში მარკოიშვილი ჩაება. მანუჩარის გუნდმა თურქული სუპერლიგა გასვლითი გამარჯვებით დაიწყო.
„დარუშაფაკა“ სტუმრად „როიალ ჰალის“ ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში – 59:53 დაამარცხა. მართალია, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 15:9 მოიგეს, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა იძალეს და მესმე პერიოდში ლიდერობასაც დაეპტრონნენ. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ „როიალ ჰალი“ 2 ქულით იგებდა, მაგრამ დარუშაფაკელებმა დაკვნით წუთებში ძალები მოიკრიბეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.
მანუჩარ მარკოიშვილი აქამდე გამართულ მოსამზადებელ მატჩებში სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა პირველ ოფიციალურ მატჩში სათადარიგოდ გაამწესეს. ქართველ უკანახაზელს 11 სათამაშო წუთი ერგო და მან 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მარკოიშვილმა მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა, ისიც არაზუსტად. გამარჯვებულთაგან 11 ქულით ბომბარდირი ემირ პრელჟიჩი იყო, ხოლო ჯეიმონ გორდონმა თავი 10 ქულას მოუყარა.
მომდევნო, მეორე ტურში „დარუშაფაკას“ სერიოზული გამოცდა ელის. მარკოიშვილის გუნდი 18 ოქტომბერს თურქეთის მოქმედ ჩემპიონ სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს. პირველი ტურის ბოლო მატჩში, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართება, „ფენერბაჰჩე“ ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჟს“ უმასპინძლებს.