მანუჩარ მარკოიშვილი სტამბოლში ჩავიდა და „გალათასარაის“ შეუერთდა. კონტრაქტი გაფორმებულია, რომლის თანახმადაც ქართველი ლეგიონერი სტამბოლურ გრანდში 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს სტამბოლის აეროპორტში გუნდის წარმომადგენლებთან ერთად პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტები დახვდნენ და კომენტარი ჩამოართვეს. მარკოიშვილი კმაყოფილია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო თურქულ გუნდში ჩაირიცხა და სტამბოლელებთან ერთად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
ამასობაში ოფიციალური კომენტარი გააკეთა „კანტუს“ პრეზიდენტმა ანნა კრემასოლიმ, რომელმაც განაცხადა: „მარკოიშვილი ჩვენი გუნდის ლიდერი იყო. ის ჩვენი ოჯახის წევრია. მისი დათმობა არ გვსურდა, მაგრამ „გალათასარაისგან“ ისეთი შეთავაზება მივიღეთ, რომ დღევანდელ პირობებში, როცა დაფინანსების პრობლემებს განვიცდით, უარის თქმა არ გამოდიოდა. მანუჩარი კარგი კალათბურთელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანია. მასთან ურთიერთობით „კანტუ“ ძალიან კმაყოფილია. მარკოიშვილს დიდ მადლობას ვეუბნებით და წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ.
„გალათასარაის“ შეთავაზება კი ასეთი იყო: 500 ათასი ევრო მარკოიშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ. ქართველ ფორვარდს კანტუელებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებდა. ქართველი კალათბურთელის დებიუტი სავარაუდოდ 30 იანვარს შედგება, როდესაც “გალათასარაი” ულების თასის ტოპ-16-ის L ჯგუფში გერმანულ “ულმს” ესტუმრება. ამ დროისთვის “გალას” ევროთასზე 2 მოგება და 1 მარცხი გააჩნია და ჯგუფს რუსულ “უნიქსთან” ერთად ლიდერობს.რაც შეეხება თურქეთის ჩემპიონატს, აქ სტამბულელები 13 გამარჯვებით და 3 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან და მხოლოდ “ფენერბაჰჩეს” და “ბანვითს” ჩამორჩებიან. 3 თებერვალს “გალათასარაი” “ალიაგა პეტკიმს” ესტუმრება.