პირველი გუნდი, რომელმაც ოფიციალურად გაიფორმა პლეი ოფში თამაში, ზვიად დიდბარიძის “მართვე-4”-ია. “ლომებმა” ეს საჩუქარი გუშინ “ქუთაისის” დამარცხებით მიიღეს,
თუმცა ბოლო წუთებზე გარიანად ინერვიულეს და რომ არ გამართლებოდათ, დიდი შანსი იყო, წაეგოთ კიდეც.ქუთაისელები თავიდანვე დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძელთა ლიდერმა, 1993-წლამდელთა ნაკრების წევრმა ლევან ლოლიშვილმა მიზანი გაისწორა და “ლომები” ჯერ მიაახლოვა იმერლებს, მესამე მეოთხედში კი სოლიდური უპირატესობაც დაუბევა.ლოლიშვილი სამქულიანებსაც აგდებდა და საჯარიმოშიც შედეგიანად შედიოდა, მას მხარს უმაგრებდა ნაკრების კანდიდატი ალეკო ჩოჩია და “ლომებმა” მესამე მეოთხედი 27:11 მოიგეს.ბოლო ათწუთეულში მართველებმა ათქულიანი ლიდერობა დაიგულეს და გადამწყვეტი წუთებიც მოახლოვდა. საფინალო სირენამდე სამიოდ წუთი იყო დარჩენილი, დიდბარიძის გუნდი 8 ქულას რომ იგებდა, თუმცა ლევან გრძელიძემ და დავით იაშვილმა სისწრაფეს უმატეს, მიზანიც გაისწორეს და ზედ სირენამდე 14 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 65:65.სანამ ქუთათურები გამთანაბრებელ ბურთს ჩააგდებდნენ, “ლომების” მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ სამდივნოს წუთშესვენება “შეუკვეთა”. მისმა შეგირდებმა კი ბურთი მალევე შეიტანეს თამაშში და იმერლებმა იქვე ასართმევად გაიწიეს. წამზომი არ ჩართულა, მსაჯმა კი ოდნავ მოგვიანებით გააჩერა თამაში, წუთშესვენებააო. ამ დროს ქუთაისელთა გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი – მალხაზ კოხრეიძე მოედნის კიდესთან მივიდა და გადმოვარდნილ ბურთს აღშფოთებულმა ფეხი დაარტყა, აქაოდა, თამაში რატომ შეაჩერეთო. მსაჯმა კოხრეიძეს ტექნიკური შენიშვნა მისცა, რაც “ქუთაისელთა” წაგებას ნიშნავდა. მართველებმა საჯარიმოებიც ესროლეს და დარჩენილ 14 წამშიც ბურთი შესატევად მათ გადაეცათ. ამ გამარჯვებით “ლომებმა” გაინაღდეს ოთხეულში თამაში, რაც მომდევნო მატჩში ასევე მოახერხა “მართვე-3”-მა, რომელმაც მწვრთნელისა და ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშის გარეშე დარჩენილი “მართვე-1” დაამარცხა. ზურაბ სამხარაძე ვირუსითაა შეპყრობილი და “მართვე-1”-ს ვერ გაუძღვა, ხოლო მათი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძეც ავადაა და ამ გუნდის დამარცხებაც არ იყო გასაკვირი. ხათუნა გაბედავას “მართვე-3”-ს კი აქვს დარჩენილი 1 მატჩი გასამართი, მაგრამ მეტოქედ ყველა შეხვედრის წამგები “აფხაზეთი” ჰყავს, რომელსაც ალბათ იოლად მოუგებს და პირველ ადგილსაც დაიკავებს.პლეი ოფში გასასვლელი 2 საგზური დარჩა გასათამაშებელი, რომელსაც ერთმანეთს სამი გუნდი – “ქუთაისი”, “მართვე-1” და 51-ე სკოლა ეცილება. ყველაზე უკეთეს სიტუაციაში იმერლები არიან, რომლებიც ორივე კონკურენტს ქუთაისში მასპინძლობენ და ერთ-ერთის დამარცხებაც აძლევთ ხელს, ოთხეულში ადგილი რომ დაიბევონ. თავის მხრივ, “მართვე-1”-ს და 51-ე სკოლასაც აქვთ ერთმანეთში სათამაშო და სავარაუდოდ სწორედ ამ მატჩში დამარცხებული დარჩება პლეი ოფს მიღმა.