დღეს, დიღმის არენაზე გაიმართა სუპერლიგის მე-11 ტურის გადადებული მატჩი, რითაც პირველი წრე ოფიციალურად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მეთერტმეტე ტურის შეხვედრა, რომელშიც “რაშს” გორის “ივერიონისთვის” უნდა ემასპინძლა, ტრაგიკული შემთხვევის – გორელთა მენეჯერის, გიორგი დარბაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო გადაიდო.
ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ორივე გუნდისთვის. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, არც ერთი არ განეკუთვნება ლიდერებს და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო გორელთა სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ, “ივერიონის” კიდევ ერთი გამარჯვება უშუალო კონკურენტზე სოლიდურ უპირატესობის შექმნას ნიშნავდა, ხოლო “რაშის” გადმოსახედიდან პირიქით. ამიტომაც, მასპინძლები უფრო მეტი მონდომებით მიუდგნენ პრინციპულ მატჩს.
“რაშის” კალათბურთელებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა “რაშმა” გუნდური თამაშის წყალობით იმარჯვა. არცთუ უხვქულიან თამაშში ექვსმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რაც სწორედ გუნდურობის მაჩვენებელია. თბილისურ გუნდს იმდენად მყარად ეპყრა თამაშის სადავეები, რომ გორელები წინა არც ერთხელ არ გასულან. ერთადერთ მომენტში, მესამე პერიოდში დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში (53:53).
თამაში საბოლოოდ ისე დასრულდა, ივერიონს მოგების რეალური შანსი არ მისცემია. შეხვედრა რაშმა 88:81 (სტატისტიკა) მოიგო და ცხრილში ივერიონთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს გაუთანაბრდა. ეს გუნდები ცხრილში 7-9 ადგილებს იკავებენ.
სუპერლიგა 31 იანვრიდან გაგრძელდება, მანამდე გუნდები საქართველოს თასის მერვედფინალური სერიის მატჩებს ჩაატარებენ.