მეორე ქართველი ბასკეთში – ბულაშვილი შენგელიას გუნდში გადავიდა

მეორე ქართველი ბასკეთში – ბულაშვილი შენგელიას გუნდში გადავიდა

თორნიკე შენგელია „ლაბორალ კუჩაში“ ერთადერთი ქართველი აღარაა. ბასკურმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა 17 წლის ქართველ უკანახაზელს, ლუკა ბულაშვილს, რომელმაც გასული სეზონი ესპანეთშივე, კანარის კუნძულების საკალათბურთო აკადემიაი გაატარა. ლუკა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ პერსპექტიულ უკანახაზელად მიიჩნევა. ბულაშვილი ძირითადად ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებს, თუმცა არაა გამორიცხული, მას ძირითად, უფრო კი ლაბორალ კუჩას დუბლშემადგენლობაში მოუწიოს თამაში. რამდენიმე დღის წინ ბულაშვილმა ბასკონიელთა ძირითად გუნდში ითამაშა და თავი სამქულიანითაც გამოიჩინა. ეს ფაქტი იმედს იძლევა, რომ ლუკას დიდებშიც მოუწევს თამაში, რაც მის გამოცდილებას და თვითდაჯერებას გააათმაგებს. ბულაშვილს ვიტორიაში შევეხმიანეთ და იქაური ამბები გამოვკითხეთ…

– ლუკა, გილოცავ სოლიდურ კლუბში გადასვლას. თან უკვე ძირითად გუნდშიც მოასწარი თამაში…
– მადლობა, ბასკონიაში გადმოსვლა მართლაც კარგი ამბავია. რაც შეეხება ძირითად გუნდში თამაშს, ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და ძირითად გუნდში მათამაშა. მეორე ლიგის გუნდს ვხვდებოდით და ველიმირ პერასოვიჩმა 7 წუთი დამითმო. მოედანზე შესვლისთანავე სასროლად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოვჩნდი და არ დავახანე. საბედნიეროდ, ბურთი კალათში მოვათავსე, რაც ძალიან სასიამოვნო განცდა იყო.
– სხვა მატჩებში არ გითამაშია?
– ასაკობრივ გუნდთან როგორ არა და ძირითად გუნდთან აღარ მითამაშია. შევხვდით გიორგი შერმადინის ანდორასაც, მაგრამ მწვრთნელმა ამ მატჩზე არ გამომიძახა. იმ დღეს 18-წლამდელთა გუნდს ჰქონდა ბილბაოში თამაში და იქ წავედი. მასპინძლებს მოვუგეთ, მე კი 20 ქულა მოვაგროვე. ეს ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი იყო. ამ შეჯიბრების მონაწილე გუნდები ჯერ რეგიონების გამარჯვებულებს არკვევენ, შემდეგ კი ფინალურ ეტაპზე ასპარეზობენ. თითოეული რეგიონიდან მომდევნო ეტაპზე 2-2 საუკეთესო გადის. ჩვენ ჯერ ბასკეთის ჩემპიონატზე გამოვდივართ და ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო ორ გუნდს შორის ადგილს მოვიპოვებთ.
– ასაკობრივ გუნდში ამხანაგური მატჩები არ გითამაშია?
– 2 მატჩი ჩავატარეთ, ორივე მოვიგეთ. პირველში 18 ქულა ჩავაგდე, მეორეში – 24.
– ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდებს დუბლშემადგენლობები ჰყავთ, რომლებიც რანგით დაბალ ლიგები ასპარეზობენ.
– ლაბორალ კუჩასაც ჰყავს ასეთი გუნდი, რომელიც ება-ს ვერცხლის ლიგაში ასპარეზობს და იქაც  მომიწევს თამაში. ამ გუნდთან ჯერ არ მივარჯიშია, უფრო სწორად, საამისოდ დრო არ მქონია.
– ლაბორალ კუჩაში შენი გადასვლა როგორ მოხდა?
– გასულ სეზონში კანარების აკადემიაში ვთამაშობდი. სწორედ მაშინ მივიღე მოწვევა რამდენიმე კლუბიდან. მათ შორის მალაგიდან, მადრიდიდან. თუმცა ყველაზე საინტერესო ბასკონიელთა წინადადება იყო და კარიერის გაგრძელებაც ვიტორიაში გადავწყვიტე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ კალათბურთელის პროფესიულად განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია.
– ლაბორალ კუჩას ძირითადი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია თორნიკე შენგელია…
– თორნიკე ძალიან მაგარი კალათბ ურთელია და მასთან თამაში ჩემი თაობის ბევრი კალათბურთელის ოცნებაა. გამიმართლა, რომ მის გუნდში მოვხვდი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიტორიაში ჩამოსულს დიდი ყურადღებით დახვდნენ. მეც ესპანეთში გავიცანი. თორნიკემ პირველივე ვარჯიშის შემდეგ წამიყვანა და ქალაქი დამათვალიერებინა. თან ბევრი საინტერესო რჩევა მომცა. მითხრა, მთავარია არ მოგერიდოს და არ შეგეშინდეს. მართალია, გუნდში შედარებით დიდი ასაკისანი და დიდი გამოცდილებისანი არიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – შენ შენი საქმე უნდა გააკეთო, არავისზე ნაკლები არა ხარ და ყოველთვის მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოლოო