მერაბ რატიშვილი ფიბას ტექნიკური დელეგატია

მერაბ რატიშვილი ფიბას ტექნიკური დელეგატია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორი, ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ამიერიდან ფიბას ახალი პოზიციის – ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზიის მფლობელია. ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი რატიშვილმა 12 სექტემბერს სტამბოლში, ფიბას ტექნიკური დელეგატების დასკვნითი სემინარისა და გამოცდების შემდეგ მიიღო.
ფიბამ ტექნიკური დელეგატის თანამდებობა საგანგებოდ შემოიღო მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი მატჩებისთვის. ტექნიკური დელეგატის ფუნქციაა მსოფლიოს ჩემპიონატის კონკრეტული შესარჩევი მატჩის ორგანიზების ზედამხედველობა და მართვა, რაც მოიცავს: უშუალოდ მატჩის ჩატარების ადგილის (არენის) შესაბამისად გამართვა-მოწყობას; მარკეტინგს; მატჩის მონაწილეთა და მაყურებელთა უსაფრთხოებას; მედიისთვის სამუშაო პირობების შექმნის მონიტორინგს; სატელევიზიო პროდუქციის მომზადების და ტრანსლირების კონტროლს; პირველად სამედიცინო მომსახურებას და დოპინგ-კონტროლს; მატჩის მიმდინარეობას კალათბურთის ოფიციალური წესების და ფიბას შესაბამისი დებულებების მიხედვით.

თავდაპირველად ფიბამ ევროპის მასშტაბით ტექნიკური დელეგატობის 80 კანდიდატურა შეარჩია. წელიწადნახევრის განმავლობაში კანდიდატები მუდმივად გადიოდნენ წვრთნას, ონ-ლაინ ტესტებს და პრაქტიკულ გამოცდებს სხვადსახვა საკითხებში. დასკვნითი გამოცდის შემდეგ ფიბას ტექნიკური დელეგატის ლიცენზია 35 კაცმა მიიღო, მათ შორის მერაბ რატიშვილმაც. აღსნიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ლიცენზია მიიღეს მხოლოდ საქართველოს, ლიტვის და ლატვიის თითო წარმომადგენელმა.
მერაბ რატიშვილმა ტექნიკური დელეგატის რანგში უკვე მიიღო პირველი დანიშვნა – მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირის პირველ ფანჯარაში, 26 ნოემბერს კიევში უკრაინა-თურქეთის მატჩს მოემსახურება.
ფიბას ტექნიკური დელეგატობის პარალელურად მერაბ რატიშვილი აგრძელებს საქმიანობას ფიბას კომისრის სტატუსით და სექტემბერში 2 მატჩს უკომისრებს: 19 სექტემბერს თბილისში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ – „ხუვენტუდს“ (ესპანეთი), ხოლო 27 სექტემბერს – თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში,ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ადგილობრივ „ტრაბზონსფორსა“ და უნგრეთის „სოლნოკის“ შორის.