მერაბ რატიშვილი: “ქართველმა მსაჯ-კომისრებმა ფიბა-ს ლიცენზია 4 წლით გაიხანგრძლივეს”

მერაბ რატიშვილი: “ქართველმა მსაჯ-კომისრებმა ფიბა-ს ლიცენზია 4 წლით გაიხანგრძლივეს”

საქართველოს სამმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა და კომისარმა ფიბა-ს ლიცენზია კიდევ 4 წლით გაიხანგრძლივა. კომისარმა მერაბ რატიშვილმა და არბიტრებმა – მაკა კუპატაძემ, ზაზა მაჩალაძემ და დავით ბერეკაშვილმა გასულ თვეში სპეციალური გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ევროპულ კალათბურთში თავიანთ საქმიანობას მინიმუმ კიდევ 4 წლით გააგრძელებენ. გვესაუბრება ტესტირებიდან დაბრუნებული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი, რომელიც 14 ივლისს ევროპის ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის კომისრად უკვე დაინიშნა

– სასიამოვნო ფაქტი მოხდა: სამივე ქართველმა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ფიბა-ევროპის მიერ ჩატარებული ტესტირება წარმატებით გაიარა და ლიცენზია კიდევ 4 წლით გაიხანგრძლივა. მსაჯებთან ერთად მეც წარმატებით გავიარე კომისართათვის ჩატარებული გამოცდები და ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში საქმიანობას ვაგრძელებ.
 
– ეს იყო თავდაპირველად ჩაბარებული გამოცდების გადაბარება?
 
– არა, ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდები. ანუ ჩვენ ლიცენზიები ფაქტობრივად ხელახლა მივიღეთ. იმ ლიცენზიას, რომელიც წინა ჯერზე ავიღეთ, ვადა გაუვიდა და წარმატებით ჩაბარებული გამოცდების შემდეგ საერთაშორისო მატჩების მომსახურეობის უფლება ხელახლა მივიღეთ.
 
– სად ჩატარდა ტესტირება და რამდენად რთული იყო იგი?
 
– ტესტირება ოთხივეს ერთად არ გაგვივლია. ფიბა-ევროპამ ტესტირება რამდენიმე ეტაპად დაჰყო და თავადვე ვინც სად გაგვაგზავნეს, მასში მონაწილეობაც ისე მივიღეთ. მაკამ და ზაზამ ტესტები ივნისის დასაწყისში, მიუნხენში ჩააბარეს, ბერეკაშვილმა კი გასული თვის ბოლოს.
ჩემი ტესტირება კი ესპანეთში, ლას პალმასში ჩატარდა ივნისის ბოლო დღეს.
 
– მსაჯებისა და კომისრების ტესტირება ერთდროულად მიმდინარეობს?
 
– ერთ ქალაქში, ოღონდ განსხვავებულ ადგილებში. ჩასაბარებელი საგნებიც, ცხადია, განსხვავებულია. მსაჯებმა ფიზმომზადებაში, ინგლისურსა და საკალათბურთო წესებში ჩააბარეს ტესტები. კომისრები ფიზმომზადების ნაცვლად ფიბა-ევროპის შეჯიბრებათა დებულებებსა და წესდების ტესტებს აბარებენ. ცხადია, ინგლისური და კალათბურთის წესების ტესტი ჩვენც ჩავაბარეთ.
 
– თუ გაქვთ ინფორმაცია, გასულ სეზონთან შედარებით უფრო დატვირთულები იქნებით?
 
– ამის თქმა შეუძლებელია. ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ვინ რამდენ მატჩზე იქნება მივლინებული, თუმცა ის ფაქტი, რომ ქართველებმა წარმატებით გაიარეს ტესტირება, მომავალში მათი საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობის იმედს იძლევა. უკვე ცნობილია 15 აგვისტომდე ფიბა-ევროპის შეჯიბრებების დანიშვნები და მინდა აღვნიშნო, რომ ქართველების გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. ბერეკაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა მიწვეული, მაჩალაძე 16-წლამდელთა B დივიზიონის მატჩებზე, ხოლო მაკას ერთბაშად 2 ტურნირის მომსახურება მოუწევს – ქალთა შორის 16-წლამდელთა A დივიზიონის და 18-წლამდელ ვაჟთა B დივიზიონის.
 
– კომისარიც ასე იქნება დატვირთული?
 
– ჩემი თხოვნის საფუძველზე ფიბა-ევროპამ ასაკობრივ ჩემპიონატებიდან გამათავისუფლა.ეს იმიტომ ვითხოვე, რომ კომისრობასთან ერთად მე ჩემი ძირითადი ვალდებულებები მაქვს როგორც ეროვნულ ,ისე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებთან. ასევე ვმუშაობ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაშიც. ფიბა-ევროპა გაგებით მოეკიდა ამ ფაქტს და მხოლოდ ერთ მატჩზე მიმავლინა: 14 ივლისს ისრაელში გასამართ მასპინძელთა და პორტუგალიელთა მატჩზე ვიქნები კომისრად. ეს გახლავთ ევროპის 2013 წლის ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა.  ამ დღეებში ფიბა-ევროპა მსაჯებს და კომისრებს გაანაწილებს ევროპის 2013 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებზე. დარქმუნებული ვარ, ქართველები არ დავრჩებით ამ დანიშვნების მიღმა. ოქტომბრიდან კი ვაჟთა და ქალთა ევროპული თასების გათამაშებებიც დაიწყება.