მერაბ რატიშვილი საერთაშორისო კომისარია

საქართველოს არაერთი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ჰყოლია და ჰყავს კიდეც, ხოლო კომისარი – არასდროს. ამ დღეებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა ფიბა–ევროპის მიერ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მოწყობილ კომისართა სემინარ–გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო კომისრის სტატუსი მიიღო. უფრო დაწვრილებით კი თავად მერაბ რატიშვილს მოვუსმინოთ, რომელიც ხორვატიიდან ახლახანს დაბრუნდა.
 

 
– ფიბა–ევროპის კომისართა სემინარ–გამოცდებს ზაგრებმა უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 185 ადამიანმა მიიღო. ამათი ნაწილი მოქმედი კომისარი იყო, ხოლო ნაწილი ჩემსავით, პირველად იღებდა მონაწილეობას გამოცდებში. საქმე ისაა, რომ 4 წელიწადში ერთხელ მოქმედ კომისრებს გადაბარება უწევთ, რათა თავიანთი საქმიანობის გაგრძელების უფლება მიიღონ.
– მოქმედი და დამწყები კომისრებისთვის გამოცდები სხვადასხვანაირი იყო?
– არა, ყველამ ერთი და იგივე სირთულის გამოცდა ჩავაბარეთ.
– კონკრეტულად რა სახის გამოცდები იყო?
– სანამ გამოცდები ჩატარდებოდა, წინა დღეს სემინარი გაიმართა, სადაც დეტალურად აგვიხსნეს მატჩების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე მოხდა სათამაშო სიტუაციების განხილვა. ლაპარაკი იყო ფიბა–ევროპის ეგიდით გასამართი შეჯიბრებების დებულებებზე და სხვადასხვა დეტალებზე. მეორე დღეს კი უკვე გამოცდები ჩატარდა: კალათბურთის ოფიციალურ წესებში, ფიბა–ევროპის შეჯიბრებათა დებულებებში და ინგლისურ ენაში.
– რამდენად რთული იყო გამოცდები?
– რთული არაფერია, თუკი კარგად ხარ მომზადებული. მე ამ გამოცდებითვის საკმაოდ კარგად მოვემზადე, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ მაკა კუპატაძეს და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის უფროს როლანდ ხომერიკს, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო არბიტრი იყო. ამ ადამიანების დახმარებით გავერკვიე ყველა იმ დეტალში, რომელსაც აქამდე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. ეს ძირითადად სამსაჯო  მომენტებია, რადგან მე არასდროს მიმსაჯია მოედანზე. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კომისრობის გამოცდილება კი მეტ–ნაკლებად მქონდა. მომზადების პროცესში აგრეთვე გვერდით მედგნენ ჩვენი კომისრები და მსაჯი–მდივნებიც. ასე რომ, ეს მათი წარმატებაცაა.
– გამოცდების შედეგები ზაგრებშივე გაიგეთ?
– არა, შედეგები ფიბამ 10–12 დღის შემდეგ გამოაქვეყნა და მე ის თბილისში შევიტყვე. 185 მონაწილესგან გამოცდა 169–ამ ჩააბარა.
– საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ საერთაშორისო კატეგორიის კომისრობა?
– სურვილი თავისთავად მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ვთვლიდი, რომ ჯერ არ ვიყავი სათანადოდ მზად. ის, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე საერთაშორისო კომისრობა, ამაში საქართველოს კალათბურთის ხელმძღვანელობამ ითამაშა მთავარი როლი. კონკრეტულად კი პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და ვიცე–პრეზიდენტმა ლაშა ძიძავამ მირჩიეს და, პრაქტიკულად, მაიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და გადაწყვეტილებაც, ასე ვთქვათ, კოლექტიურად მივიღეთ.
– ახლა ალბათ უკვე ელოდებით საერთაშორისო დანიშვნებს…
– ეგ უკვე ფიბა–ევროპის გადასაწყვეტია, როდის და რომელ თამაშებზე გამაგზავნის კომისრად. მსაჯების შემთხვევაში ვიცი, რომ 20–30 დღით ადრე იღებენ შეტყობინებას დანიშვნის შესახებ.