მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში — გრონინგენის გამარჯვება ხორვატიაში

მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში —  გრონინგენის გამარჯვება ხორვატიაში

ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) ალექსანდრე მერკვილაძის „დონარ გრონინგენმა“ სტუმრად ხორვატიულ „ალკარს“ დაუპირისპირდა და 92:80 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და გუნდს მორიგი შედეგიანი მატჩი აჩუქა.

მატჩი, ძირითადად, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ გადამწყვეტი გამოდგა მე-2 მეოთხედი, რომელიც „გრონინგენმა“ 28:15 მოიგო. სწორედ ამ ათწუთეულმა განაპირობა სტუმართა საბოლოო გამარჯვება.

მერკვილაძემ პარკეტზე 32 წუთი და 40 წამი გაატარა. ამ დროში მან გუნდს 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ალექსმა 7-დან 5 ორქულიანი და 13-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ სამქულიანებში (4-დან 0) წარუმატებელი იყო. მისი პასივია: 3 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი, ხოლო მეტოქეები მის წინააღმდეგ 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ „გრონინგენს“ B ჯგუფში 2 მოგება და 2 წაგება აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გუნდი 11 ნოემბერს, შინ, კვიპროსულ „აელ-თან“ ჩაატარებს. მანამდე, 8 ნოემბერს, მერკვილაძის გუნდი ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის (BNXT League) ფარგლებში „ლიმბურგს“ უმასპინძლებს.