მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა

მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა

ნამდვილი საფინალო თრილერი და ალექსანდრე მერკვილაძის ზღაპრული გასროლა — ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში (BNXT League) „დონარ გრონინგენმა“ მორიგი, რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ქართველმა ფორვარდმა თქვა. ეროვნული ნაკრების წევრმა შეხვედრას შთამბეჭდავი წერტილი დაუსვა და საფინალო სირენის თანხლებით, საკუთარი ნახევრიდან ნასროლი ბურთით გუნდს უმნიშვნელოვანესი ტრიუმფი მოუტანა.

სრულიად დრამატულად წარიმართა „გრონინგენისა“ და ბელგიური „ლიოვენის“ დაპირისპირების ბოლო წამები. მატჩის დასრულებამდე თვალის დახამხამებაღა რჩებოდა, ტაბლოზე კი ფრე — 78:78 ფიქსირდებოდა, როდესაც მერკვილაძემ ბურთი საკუთარ ფართან მოიხელთა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფანტასტიკური შორეული სამქულიანით ადგილობრივი ტრიბუნები აღტაცებისგან ფეხზე დააყენა.

ალექსი ჩვეულად სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და ამ ისტორიული ეპიზოდის გარდა, მთელი შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ პროდუქტიულად იასპარეზა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 29 წუთში საკუთარ აქტივს 16 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიათვალა.

ჩვენებურმა 5-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მან ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქეები მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, მერკვილაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა. ამ მაჩვენებლით ის თავის გუნდში მხოლოდ ბრენდონ ბერგსმას ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა.

ამ ემოციური გამარჯვებით „გრონინგენი“ 100%-იანი შედეგით BNXT League-ის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. განრიგის მიხედვით, მომდევნო ბატალიას ალექს მერკვილაძის კოლექტივი 14 ოქტომბერს, ისევ მშობლიურ არენაზე, ბელგიური „სპირუ შარლერუას“ წინააღმდეგ გამართავს.