ვიქტორ სანიკიძე ევროლიგაში ითამაშებს. ცეესკელი მანუჩარ მარკოიშვილისა და ლაბორალელი თორნიკე შენგელიას შემდეგ სანიკიძე მესამე ქართველია, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ ლიგაში ითამაშებს. მისმა „უნიკსმა“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი ცდილობდა ევროტურნირის ბოლო საგზურის მოპოვებას, ფრანგული „ვილერბანის“ ძლევით მოიგო.
ყაზანელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან ისინი მესამე მეოთხედში 19 ქულით აგენდნენ და თითქმის უიმედო სიტუაციაში იმყოფებოდნენ. როცა ფინალში 60:41 იგებ, მცირე ალბათობაა, ამხელა უპირატესობა ხელიდან გაუშვა. „ვილერბანმა“ ეს „მოახერხა“. უნიკსელებმა დროის მონაკვეთი 20:0 მოიგეს და ლიდერობა მესამე პერიოდშივე მოიპოვეს -64:62. მორალურად პარალიზებული ფრანგული გუნდი ბოლო მეოთხედში საბოლოოდ გატყდა და შეხვედრა 79:88 წააგო.
სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 13:40 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ლეგიონერმა უშეცდომოდ ესროლა სამქულიანი და საჯარიმოები, თუმცა სამივე ორქულიანი ააცილა. საბოლოოდ სანიკიძემ 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. უნიკსელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს უაიტი, დორ ფიშერმა 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კოსტას კაიმატოღლუმ 13 ქულა და 8 მოხსნა.
ვიქტორ სანიკიძე (მარცხნივ) “ვილერბანთან” მატჩში”
ფრანგულ კლუბში 24 ქულითა და 9 მოხსნით ავსტრალიელი დევიდ ანდერსენი გამოირჩა, ხოლო ქართულად ნატურალიზებულმა ტორინ გრინმა „ვილერბანს“ 8 ქულა და ამდენივე პასი შესძინა.
ასე და ამგვარად, „უნიკსმა“ საკვალიფიკაციო ტურნირის მოგებულისთვის განკუთვნილი ადგილი მიიღი ევროლიგის A ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები თურქული „ეფესი“, ესპანური „რეალი“, იტალიური „სასარი“, ლიტვური „ჟალგირისი“ და რუსული „ნიჟნი ნოვგოროდი“ იქნებიან. ევროლიგის პირველი ტური 16 ოქტომბერს ჩატარდება და „უნიკსი“ ამ დღეს სტამბოლში „ეფესთან“ ითამაშებს.