საქართველოს კადეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა ეს-ესაა დაასრულა თელავური შეკრება, ხოლო 3 ივლისიდან კი ჩაერთვება შავი ზღვის თამაშებში, სადაც ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანისა და საბერძნეთის გუნდებს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის.შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი იტალიის, ესპანეთისა და სლოვენიის გუნდებს შეხვდება. ნაკრების თელავური შეკრება მისმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ შეაფასა.
– კმაყოფილი ხართ თუ არა შეკრებით?- ნამდვილად. გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობდა, დილით კი ყურადღებას მსუბუქ გაწელვას ვუთმობდით. საბოლოო ჯამში, შეკრებით კმაყოფილები ვართ.- ამ ეტაპზე გუნდი როგორ ფორმაშია?- შევწყვიტეთ ორჯერადი ვარჯიშები და თურქეთში გამგზავრებამდე, რანდენიმე დღე ერთჯერად ვარჯიშზე გადავედით. წინა 8 დღე თითქმის მთლიანად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დავუთმეთ. 3 ივლისამდე თამაში არ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ მანამდე ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. – შავი ზღვიტურნირზე პირველ მატჩში ხვდებით საბერძნეთს…- მეტოქეზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია – თამაში საქართველოს კადეტთა ნაკრების ყველა წევრს მოუწევს.- არის თუ არა გუნდში გამოკვეთილი ლიდერი?- ლიდერის ფუნქციები ყველაზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს.- შავი ზღვის თამაშებზე პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი თუ დაისახეთ?- ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის გუნდის საუკეთესო კონდიციებში ჩაყენებაა. – ევროპის ჩემპიონატზე გიწევთ იტალიის, ესპანეთისა და სლოვენიის წინააღმდეგ თამაში. დაგვეთანხმეთ, საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გყავთ.- კი, ნამდვილად და მაქსიმალურად ვეცდებით, უმაღლეს დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ, რაც ძალიან რთული იქნება.