სეზონის საწყის ორ საგამოფენო მატჩში მოთელვის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი მიითვალა. „მილუოკი ბაქსმა“ მიმდინარე სეზონის მესამე საგამოფენო შეხვედრაში „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:91 დამარცხდა.
მატჩში 2 ორმაგი დუბლი დაფიქსირდა – ქართველ ცენტრთან ერთად დაბლ-დაბლი ჩიკაგოელთა ესპანელმა ახალწვეულმა, პაუ გასოლმა მიითვალა. ამ უკანასკნელმა 30 წუთი ითამაშა და თავი 20 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა.
ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 19:20 წუთით გამოჩნდა. ზაზამ 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთა ქართველმა ცენტრმა მთლიანობაში თავი 12 ქულას, 11 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა. ფაჩულიამ ბურთი 1-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური მიიღო.
„მილუოკის“ სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე გამწესებულ ლარი სანდერსმაც იყოჩაღა. მან თავისიანთაგან უმეტესი 14 ქულა მოაგროვა, რასაც 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაყოლა. 11-11 ქულით დაასრულეს ასპარეზობა მილუოკელთა ახალბედა ჯაბარი პარკერმა და ფერადკანიანმა ბერძენმა გიანის ანტეტოკოუმპომ.
მომდევნო საგამოფენო მატჩს ფაჩულიას „მილუოკი“ 14 ოქტომბერს, კლივლენდში, ლებრონ ჯეიმსის „კავალერსთან“ გამართავს.
ზაზა ფაჩულიას პაუ გასოლი მეურვეობს