ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაიწყო 2000 წელს დაბადებულთა ფესტივალი მინი კალათბურთში, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობს (პლუს 1 უკონკურსოდ). 2 ივნისს პირველი ტურის 6 მატჩი გაიმართა.
15 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. პრინციპი ასეთია: გუნდები ჯგუფში თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და მომდევნო ეტაპზე ყოველი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა. წარმატებულ 6 გუნდს დაემატება 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და შეიკვრება მეოთხედფინალური წყვილები.
საპლეიოფო სერიები არ გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გუნდები თითო გამარჯვებით გავლენ. გუშინ გამართული მატჩებიდან საინტერესო გამოდგა „ნიკეასა“ და „აკადემია 2“-ს შეხვედრა. აკადემიელები ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო რვაწუთეულში (ჩვეულებრივი კალათბურთისგან განსხვავებით მინი-კალათბურთში მეოთხედი 8 წუთი გრძელდება) ნიკეელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 35:29.
ამ მატჩში საინტერესო დამთხვევა დაფიქსირდა. ორივე გუნდის მე-13 ნომრებმა – ნიკეელმა შოთა გორგოძემ და აკადემიელმა შალვა რამიშვილმა 13-13 ქულა ჩააგდეს. ხოლო წაგებული გუნდის მე-7 ნომერმა გიორგი კოჭლამაზაშვილმა 7 ქულა სულ საჯარიმოებით ჩააგდო.
მინი კალათბურთის წესები ჩვეულებრივი კალათბურთისგან განსხვავებულია. მეოთხედი 8 წუთს გრძელდება, თითო გუნდში კი 5-ის ნაცვლად 4 კალათბურთელია. პირველ მეოთხედში მოედანზე გასვლა თითო გუნდიდან მხოლოდ 6 კალათბურთელს შეუძლია. შესაბამისად, მეორე მეოთხედი დარჩენილმა 6-მა კალათბურთელმა უნდა ითამაშოს. მესამე და მეოთხე რვაწუთეულებში კი ეს შეზღუდვა არ არსებობს. თუკი მოთამაშემ წესი შესამჩნევად არ დაარღვია, მსაჯი პატარებს მცირე გარბენებს პატიობს.
3 ივნისს აკადემიის დარბაზში 7 მატჩი გაიმართება.
ფესტივალი მინი კალათბურთში 2000 წელს დაბადებულთა შორის
„ა“ ჯგუფი
ფოთი – ორბი II 32:20
12:0, 3:6, 11:6, 6:8
ფოთი: გაბუნია 9, პერტაია 8
ორბი: ბოჭორიშვილი 4, ხულაძე 4
დინამო – ქუთაისი 44:29
10:4, 19:7, 8:6, 7:12
დინამო: თორთლაძე 8, ლაშქარაძე 8
ქუთაისი: კენჭაძე 13, მამაგეიშვილი 5
„ბ“ ჯგუფი
ოზურგეთი – ორბი 1 12:49
4:8, 0:16, 5:6, 3:19
ოზურგეთი: სკამკოჩაიშვილი 6
ორბი: ნიკოლაიშვილი 8, გორგაძე 6
მართვე – გორი 17:34
4:16, 1:4, 4:8, 8:6
მართვე: აბასოვი 4
გორი: ხუბულაშვილი 22
„გ“ ჯგუფი
ზესტაფონი – ჰიუნდაი 29:56
9:10, 2:25, 7:13, 11:8
ზესტაფონი: ჩადუნელი 21
ჰიუნდაი: წენგუაშვილი 20
ნიკეა – აკადემია 2 35:29
2:8, 4:3, 10:14, 19:4
ნიკეა: გორგოძე 13, კოტრიკაძე 9
აკადეიმია: რამიშვილი 13, კოჭლამაზიშვილი 7