კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ იმსჯელა შსს–სა და
„ბათუმის“ მეორე მეოთხედფინალური მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის შესახებ
და შსს–ს წევრ ლევან მიქაბერიძეს ადმინისტრაციული სასჯელი გამოუტანა.
აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლის ქვედა
ვესტიბიულში, გასახდელებთან მოხდა კონფლიქტი შსს–ს კაპიტან ლევან მიქაბერიძესა
და არბიტრ ზაზა მაჩალაძეს შორის, რაც
სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა.
ფედერაციის დისციპლინარებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოებაც, რომ
მიქაბერიძე „ბათუმის“ წინააღმდეგ რეგულარული ჩემპიონატის მატჩშიც (22.03.2010)
არაკორექტულად მოიქცა და თამაშის მიმდინარეობისას პროტესტის ნიშნად შეცვლაზე
შემსვლელი კალათბურთელებისთვის განკუთვნილი სკამი ააყირავა. მაშინ მის მიმართ არ
იქნა ადექვატური დასჯელი გამოტანილი. ყველაფერ ამის გათვალისწინებით,
დისციპლინარული კომისიის წევრებმა შემდეგი ვერდიქტი გამოიტანეს:
1) შსს–ს მოთამაშე ლევან მიქაბერიძე დისკვალიფიცირებულ იქნას
სუპერლიგის მომდევნო 2 მატჩიდან.
2) მოთამაშესა და არბიტრს შორის ზემოთაღნიშნულ კონფლიქტში გამოძიებულ
იქნას ზაზა მაჩალაძის ქმედება და ბრალეულობის შემთხვევაში მისი მისამართით
გატარდეს დისციპლინარული სასჯელი.