მიქაბერიძე შსს–ს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს

მიქაბერიძე შსს–ს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი წინა სეზონში ერთ–ერთი აუტსაიდერი
იყო, თუმცა ახლა მაღალი მიზნები აქვს და ამის საფუძველიც გააჩნია –
კონკურენტუნარიანი და გამოცდილი შემადგენლობა.

 პირველ წრეში შსს–მ ყველა
კონკურენტთან დათმო შეხვედრა, თუმცა გუნდის უფროსი და კაპიტანი ლევან მიქაბერიძე
იმედიანადაა და ჩემპიონატის მეორე ნახევარს თავის პლეიოფიანად იმედიანად უყურებს.
შსს–ში ახლახან შეიცვალა მწვრთნელი და გუნდის უფროსთან საუბარიც
ამით დავიწყეთ.

– მოგეხსენებათ კახა შენგელია შეთთვსებით წვრთნის ბავშვთა გუნდებს და ამ ორ
საქმიანობას ერთად ვერ უთავსებდა და ამიტომ არჩევანი ბავშვებზე გააკეთა. კახა
შენგელიამ ოფიციალურად დატოვა გუნდი და წინასწარ ვიცოდით ეს ამბავი. მინდა დიდი
მადლობა გადაუხადო ბატონ კახას, პიროვნებას რომელმაც უზომოდ ბევრი გააკეტა შსს–ს
გუნდისთვის როგორც მოთამაშემ, ასევე როგორც მწვრთნელმა. მიუხედავად შსს–დან მისი
წასვლისა, ის მაინც რჩება ჩვენი გუნდისთვის დიდ მოთამაშედ – ისევე როგორც მთლიანად
ქართული კალათბურთისთვის.

– ახალ მწვრთნელზე რას იტყვით?

– დავით ბერიშვილი საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატების ერთ–ერთი
გამორჩეული და გამოცდილი მოთამაშეა. მას საკმაოდ კარგად შეუძლია  გუნდის გაძღოლა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ის
აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის კახა შენგელიას ასისტენტი იყო და გუნდის
სამწვრთნელო საქმიანობაშიც ჩახედულია.

– შემადგენლობა გასულ სეზონთან შედარებით ერთიორად გააძლიერეთ. ყველა
ის მოთამაშე გყავთ გუნდში, ვინც გსურდათ?

– ჯერ შარშანდელზე გეტყვით. ცუდი პერიოდი დაემთხვა, ომის შემდეგ
არავის ეცალა კალათბურთისთვის და როცა გუნდის გაკეთება გადავწყვიტეთ, ძლიერ
მოთამაშეთა უმეტესობა გუნდებში იყვნენ გადანაწილებულნი. გვიანი იყო მოთამაშეთა
მოძიება და ამიტომ გამოვედით ვეტერანთა გუნდი. ყველა მათგანმა მაქსიმუმი გაიღო,
რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.რაც შეეხება ამ სეზონს, ყველა მოთამაშე, რომლის შემატებაც იყო ჩვენს
გეგმებში, ახლა გუნდში ირიცხება.

– თუკი ასეა, რატომ გაგიჭირდათ პირველ წრეში? მეხუთე ადგილზე ხართ და
ეს შედეგი ალბათ ნამდვილად არ შედის თქვენს გეგმებში…

– ჩვენი პროგრამა მინიმუმი ოთხეულში შესვლაა, ხოლო
მაქსიმუმი ჩემპიონობა, თუმცა ვიცით, რომ პირველობამდე დიდი შრომაა საჭირო. თანაც
აქ იღბალიც დიდ როლს თამაშობს. რაც შეეხება ჩვენს სადღეისო შედეგს,
არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ ფორმაში არ ვართ ჯერ შესულები.
რამდენიმე კალათბურთელს გასულ სეზონში თამაში არ უწევდა, რის გამოც ფორმა დაკარგეს.
ახლა ისინი ნელ–ნელა იბრუნებენ საუკეთესო კონდიციებს და მათი იმედი გვაქვს.
მთავარი იმედი კი გიორგი მარკოიშვილია, რომელსაც კარგა ხანია, ტრავმა აქვს და ვერ
გვეხმარება. რაც უფრო მალე გამოვა გიორგი მოედანზე, მით უფრო მეტს მივაღწევთ.

– შემადგენლობის გაძლიერებას ხომ არ გეგმავთ?

– ეს უკვე შეუძლებელია, რადგან 16–კაციანი განაცხადი უკვე შევსებულია.

– და რატომ იჩქარეთ? ყველა გუნდს აქვს განაცხადში ადგილი
შემონახული და მათ გაძლიერების პერსპექტივაც გააჩნიათ სატრანსფერო ფანჯრის
დახურვამდე…

– ჩვენ ყველა იმ კალათბურთელს ვენდობით, ვინც გუნდში გვყავს და ეს
ნდობა ბოლომდე გასტანს.

– ახალგაზრდული გუნდის შექმნას ხომ არ გეგმავთ, საიდანაც შევსებას
მიიღებთ?

– ეგ გაკითხი ჯერ არ განიხილება. რა იქნება მომავალში, ამას
ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

– თქვენი აზრით ვინ არიან მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელები
და თუ ისურვებდით მათ თქვენს გუნდში ხილვას?

– განუმეორებელია კოტე ტუღუში, ასევე შიო ხეცურიანი. ვფიქრობ, ჯობს ეს
მოთამაშეები თავიანთ გუნდებში იყვნენ, რადგან მეტი ინტერესი აქვს ჩემპიონატს, როცა
იცი, „ენერჯი–ინვესტს“ ჰყავს თავისი ლიდერი კოტე ტუღუში, ხოლო თსუ–ს შიო
ხეცუირიანი.

– წლის ბოლო მატჩს ორშაბათს თამაშობთ…

– „დინამოს“ ვხვდებით და იმედია, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. მინა,
შემთხვევით ვისარგებლო და მთელს საქართველოს მივულოცო ახალი წელი, ვუსურვო
მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიყვარული. გვფარავდეს უფალი.