საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტურის მატჩი ბოსნიასთან 4 ქულის სხვაობით დათმო. ალეკსანდრ პეტროვიჩის გუნდმა თბილისში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში თითქმის გაინაღდა. სარაევოში 95:96 დამარცხების შემდეგ ბოსნიელებმა საქართველოში დამაჯერებლად ითამაშეს და იგორ კოკოშკოვის გუნდს 107:103 სძლიეს.
მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედში საქართველო 7 ქულით ჩამორჩა, კოკოშკოვის გუნდმა დაწინაურება მოახერხა. მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ ქართველები მატჩის დასრულებამდე 27 წამით ადრე 103:102 გალიდერდნენ. ბოსნიელებმა სწრაფად შეუტიეს და მირზა ტელეტოვიჩმა სამქულიანით თავისიანები 2 ქულით დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს წინ 25 წამი ჰქონდა, მაგრამ ჯეიკობ პულენის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია. ბურთი ტელეტოვიჩმა მოხსნა, რომელზეც ქართველები დაჯარიმდნენ და ბოსნიელთა სნაიპერმა ზუსტი სროლებით ბალკანელებს გამარჯვება გაუნაღდა.
აღსანიშნავია, რომ ტელეტოვიჩმა პირველ ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, თუმცა მატჩის ბედი ფაქტობრივად მარტომ გადაწყვიტა. მეორე ტაიმში მის ანგარიშზე 21 ქულა იყო, საიდანაც 10 ბოლო 2 წუთზე მოდის.
საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო შედეგი მანუჩარ მარჯოიშვილმა დააფიქსირა. ორმაგი დუბლი კი ორ კალათბურთელს ჰქონდა. ზაზა ფაჩულიამ 21 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ვიქტორ სანიკიძემ კი 12 ქულა და 10 მოხსნა. საქართველომ ბოსნიაზე 22-ის მეტი ბურთი მოხსნა, უფრო მეტი ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო. ბოსნიელებმა შორი სროლების ხარჯზე მოგვიგეს. ალეკსანდრ პერტოვიჩის გუნდმა 8 სამიანით მეტი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრები ამაღამ რიგაში მიემგზავრება, სადაც 8 სექტემბერს ლატვიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. თბილისი. 5 სექტემბერი
საქართველო 103:107 ბოსნია
16-20, 27-20, 31-32, 29-35
D ჯგუფი
ჰოლანდია – ლატვია 81:86
1.
ბოსნია
7
5/2
643/614
12
2.
ლატვია
6
4/2
500/434
10
3.
საქართველო
6
4/2
537/507
10
4.
ჰოლანდია
7
2/5
578/629
9
5.
რუმინეთი
6
1/5
434/508
7
ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს ნაკრების წევრი: სამწუხაროა რომ ასეთი კარგი შანსი გავუშვით ხელიდან, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და დარჩენილ ორ მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ. აღსანიშნავია, რომ ბოსნიის გუნდი დღეს გაცილებით კარგად გამოიყურებოდა ვიდერ წინა შეხვედრაში.
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ვიცოდით რომ ასეთი დაძაბული მატჩი იქნებოდა და ასეც მოხდა. ბოსნიამ უკეთესად ითამაშა და გაიმარჯვა კიდეც. ჩვენ კი სამწუხაროდ საბოლოოდ მარცხი განვიცადეთ. ჩვენი ნაკრების წევრებმა მაქსიმუმი გაიღეს და დიდი შემართებით ითამაშეს, თუმცა დღეს ვინც ეს შეხვედრა იხილა ყველამ დაინახა რომ მხოლოდ მოდომება არ კმარა და კარგად თამაშია საჭირო. პირველ ტაიმში სანიკიძე კარგად მეურვეობდა ტელეტოვიჩს , მაგრამ კარგი მოთამაშე ყოველთვის მოძებნის გზას ბურთის სასროლად და ტელეტვიჩმა ეს მშვენივრად მოახერხა, რაზეც მეორე ტაიმში მის მიერ ჩაგდებიული 21 ქულა მოწმობს. ამ ფაქტმა რა თქმა უნდა ბოსნიის გამაჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება თამაშის ტაქტიკას, ჩვენ ვერ ჩავდგებოდით ზონაში, რადგან ბოსნიას ძალიან კარგი სნაიპერები ჰყავს და გვიწევდა მოთამაშეების ერთი ერთზე აყვანა. ამას კი დიდი ენერგია სჭირდება და მარცხის ერთ-ერთ მიზეზად შეასაძლო ესეც მივიჩნიოთ.
დენის ბარამოვიჩი, ბოსნიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი: მინდა მივულოცო გულშემატკივარს ასეთი ლამაზი თამაში. დარბაზში გამამხნევებელი ატმოსფერო იდგა და ქომაგები ძალიან აქტიურად უჭერდნენ მხარს ქართვველებს. ჩვენ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ და მოხარულნი ვართ რომ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
ზაკ რაიტი, ბოსნიის ნაკრების მოთამაშე: დღეს თამაშობდა ორი საუკეთესო გუნდი და მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. საქართველოს ნაკრებმა თამაშში მთელი ძალა ჩადო და კარგად გაისარჯა. თუმცა საბედნიეროდ გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ.
ხატია ჯიჯეიშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები