მონტენეგრომ სლოვაკეთს მოუგო, პირველ ადგილზე კი საქართველოა

მონტენეგრომ სლოვაკეთს მოუგო, პირველ ადგილზე კი საქართველოა

საქართველომ რომ ალბანეთს მოუგო, F ჯგუფის მეორე მატჩში მონტენეგრომ სლოვაკეთს უმასპინძლა და 32 ქულით – 97:65 სძლია. ეს ორივე გუნდი ჩვენი ნაკრების კონკურენტები არიან, თუმცა, როგორც სავარაუდო იყო, ექსიუგოსლავიური გუნდი გაცილებით ანგარიშგასაწევი ძალაა, რაც პირველი ტურის მატჩში დადასტურდა.

მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, მასპინძელთა თავკაცმა განაცხადში მყოფ თორმეტივევე კალათბურთელს საკმაო დრო დაუთმო, მათგან ხუთმა კი 11 და მეტი ქულა ჩააგდო.
მონტენეგროელთაგან საუკეთესო 28 წლის მსუბუქი ფორვარდი ვლადიმირ დაშიჩი იყო, რომელმაც ოც წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ორმაგ დუბლს (13 ქულა, 10 მოხსნა) უწია 24 წლის მძიმე ფორვარდი მარკო ტოდოროვიჩი.
მასპინძლებმა საწყისი 3 მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარეს, დასკვნითი ათწუთეული კი 20:21 დათმეს. მათ სტუმრებს მოხსნებში 45:28 აჯობეს, პასებში კი – 28:14. სლოვაკთა რიგებში საუკეთესონი მიხალ ბატკა (14 ქულა, 8 მოხსნა) და ბორის ბოიანოვსკი (12 ქულა) იყვნენ.
3 სექტემბერს მონტენეგრო ალბანეთში ითამაშებს, სლოვაკეთი კი საქართველოს უმასპინძლებს.