საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის ბოლო საკონტროლო მატჩი კაუნასში, ლიტვის ეროვნულ გუნდთან გამართა. კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკებთან მატჩის ძირითადი დრო ქართველებმა ფრედ – 77:77 დაასრულეს და მხოლოდ დამატებით დროში – 83:88 დამარცხდნენ.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერის, ლინას კლეიზას მიჯრით ჩაგდებული 8 ქულის წყალობით მასპინძლები ოვერტაიმის დასრულებამდე 1,5 წუთით ადრე 86:79 დაწინაურდნენ და თითქოს გამარჯვებაც გაინაღდეს, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდს კიდევ ერთხელ გათანაბრების შანსი გაუჩნდა. რიკი ჰიკმანმა, რომელმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე 2 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, ექსტრახუთწუთეულის დასრულებამდე 4 წამით ადრეც გაუჩნდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, იუბილარი ჰიკმანის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა და ქართველების წაგება გარდაუვალი გახდა.
ლიტვას 3 ისეთი მოთამაშ ჰყავს, რომლებიც ნბა-შიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ – იონას ვალანჩუნასი, ლინას კლეიზა და დონატას მოტეიუნასი. დანარჩნები ევროპაში ითვლებიან ექსტრაკლასის კალათბურთელებად და ეს ნაკრები ევრობასკეტის წინ ბოლო საკონტროლო მატჩს მშობლიურ ”კაუნო არენაზე” ატარებდა. სწორედ ამ შეხვედრაში იყოჩაღეს ქართველებმა და თითქმის უიმედო მატჩი (მესამე მეოთხედში 16 ქულით, 36:51 ვაგებდით) კინაღამ მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო. მატჩის პირვლი ბურთი ქართველებმა შესანიშნავი კომპინაციით ჩააგდეს. შერმადინმა გამოზომილი პასით ცინცაძე ფართან მარტო დატოვა. ქართველების დაწინაურებას ლიტველების ზედიზედ ჩაგდებული 7 ქულა მოჰყვა. იონას ვალანჩუნასმა სამწამიანში გაილაღა, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდმა მალევე მოახერხა დაწინაურება – ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიანიც მოაყოლა და საქართელო 13:9 გალიდერდა.
ლიტველებმა წუთშესვენება აიღეს და ტაქტიკა შეცვალეს. მასპინძლებს შორი სროლები არ წაუვიდათ – მათმა სნაიპერმა ლინას კლეიზამ რამდენჯერმე ააცილა, თუმცა გარღვევებით კუზმინსკასი გამოირჩა, ვალანჩუნასი კი პერიოდულად ფარქვეშ გაიბრწყონებდა ხოლმე. მასპინძლებმა მაინც მოახერხეს პირველი მეოთხედის არწაგება. ბოლო წამებზე მითვლილი ორქულიანს პლუს ჯარიმით პირველ შესვენებაზე ლიტველებმა ფრე დააფიქსირეს -19:19.
მეორე პერიოდში მასპინძლებმა მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა. შორი სროლებიც წაუვიდათ და საჯარიმოშიც უხშირეს შესვლა-ჩაგდებას. რამდენიმე წუთში ლიტველები უკვე 29:21 იგებდნენ, თუმცა გიორგი შერმადინის მოედანზე დაბრუნების შემდეგ ქართველებმა შედეგიანობას უმატეს და მასპინძლებს 28:31 მიუახლოვდნენ. შემდეგ კი ”ტორონტო რეპტორზის” ცენტრის – იონას ვალანჩუნასის დრო დადგა, რომელიც დაცვაშიც შეუდარებელი იყო და შეტევაში ხომ შემჩერებელი ვერ გამოუჩნდა. მისი შედეგიანობით ლიტველებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთები შედეგიანად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობოთ გავიდნენ.
მესამე პერიოდის დასკვნითი 5-წუთეული ქართველებისთვის გმირული აღმოჩნდა. ჩინებული კომბინაციებით, გააზრებული შეტევითა და მწყობრი დაცვით იგორ კოკოშკოვის გუნდმა 5-წუთეული 22:6 (!) მოუგო ლიტვას და მესამე მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა – 59:60. გადამწყვეტი პერიოდი სულაც ვერ გამოდგა გადამწყვეტი, რადგან შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დიდებულად გაისარჯნენ საქართველოს ნაკრების ლიდერები – გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და რა თქმა უნდა, ვიქტორ სანიკიძე, რომელიც საბოლოოდ 28 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. რიკი ჰიკმანს შეეძლო სულაც ძირითად დროში მოეგებინებინა ქართველებისთვის, თუმცა მისი გარღვევა, რომელიც ლიტველებმა ჯარიმით შეაჩერეს, ბურთის ჩაგდებით არ დასრულდა, თორემ ნატურალიზებული ამერიკელი პლუს ერთ საჯარიმოსაც ისროდა, მაგრამ… მის ჯარიმებს ზემოთ ნახსენები ექსტრახუთწუთეული მოჰყვა, სადაც მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 2 სექტემბრის დილას ლიტვის ნაკრებთან ერთად სლოვენიაში ჩარტერული რეისით გაემგზავრება.
რობერტას იავტოკასი და გიორგი შერმადინი
”კაუნო არენაზე” ქართული დროშებიც ფრიალებდა