ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა საკალათბურთო ტრადიციებით. მოთამაშეებთან ერთად ამ ქალაქში დიდი მწვრთნელები მუშაობდნენ, რომელთაგან მხოლოდ ოთარ ქორქიასა და სულიკო თორთლაძის დასახელებაც კმარა, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენ, მრავალ უმაღლესი დონის სპეციალისტზე.
ქუთაისში ახლაც უამრავი მწვრთნელია და ისინი საქართველოს მომავალ თაობას უზრდიან. სწორედ მათი კლასის ამაღლებისა და ლიცენზირების მიზნით ქუთაისში ბალკანელი სპეციალისტები – მილოშ გლიგორიევიჩი და ტიჰომირ ბუიანი ჩავიდნენ, რომლებმაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით მოწყობილი მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში იმერეთისა და მიმდებარე რეგიონების მწვრთნელებს სემინარები ჩაუტარეს.
ეს გახლდათ და მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ნაწილის სემინარები, რომლებსაც მწვრთნელები დაესწრებიან და აღნიშნულ თემებზე მომავალში გამიცდებს ჩააბარებენ, რაც მათთვის შესაბამისი ლიცენზიის აღების გარანტი იქნება.
აღნიშნული ლიცენზია 14-18 წლების ასაკის მოზარდებთან მუშაობის საშუალებას და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გამოყვანის საშუალებას იძლევა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით პირველი ეტაპი გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 200-ამდე მწვრთნელმა მიიღო და მათგან 161-მა მინი-კალათბურთსა და 14-წლამდელებში მუშაობის ლიცენზიაც დაიმსახურა.
მომავალში იგეგმება მესამე და უკანასკნელი ეტაპი, რომელიც იმ მწვრთნელთათვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც 18 წლისა და უფროს ასაკებში, მათ შორის სუპერლიგის გუნდებში მუშაობენ.