ნაკრებმა “ორბს” სასახლეში მოუგო

ნაკრებმა “ორბს” სასახლეში მოუგო

1 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის
გათამაშების ფინალი გაიმართა. სანამ ეს შეხვედრა ჩატარდებოდა, სპორტის სასახლის
მოედანი ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებს დაეთმო. ერთმანეთს „ორბი“ და ნაკრები
შეხვდნენ.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „ორბის“
კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი 19:17 მოიგო, საბოლოოდ მაინც 16–წლამდელთა
ნაკრებმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ 1995–წლამდელთა ნაკრები ასაკით დიდ
(18–წლამდელთა) ჩემპიონატში პრაქტიკის ასამაღლებლად და შესათამაშებლად
მონაწილეობენ. გასულ სეზონში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16–წლამდელთა ნაკრები სულაც
18–წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა, თუმცა რაკი უკონკურსოდ მონაწილეობდა,
კუთვნილი ვერცხლის მედალი არ შეხვდა.

მეორე მეოთხედში ნაკრების კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს, რაც
ძირითადად ბექა დარახველიძის, სანდრო ბოლქვაძის და ზეზვა ლილუაშვილის დამსახურება
გახლდათ. აღნიშნული მეოთხედი 16–წლამდელებმა 16:7 მოიგეს, ლიდერობა მოიპოვეს და
თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.