საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 2 წლით უფროსების
ჩემპიონატში გამოდის, ნახევარფინალურ სერიაში ერთ–ერთ ფავორიტ „ქუთაისს“ ანგარიში გაუთანაბრა.
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში 11 მაისს გაიმართება.
ნაკრებია ერთადერთი გუნდი, რომელმაც ქუთაისელებს ამ სეზონში მოუგო. ეს
გია კაზანჯიანის გუნდმა უკვე მეორედ მოახერხა. ქუთაისელებს პირველი მარცხი
ნაკრებმა რეგულარული სეზონის ბოლო ტურში შეამთხვია – მართალია, ქუთათურებისთვის ის
შეხვედრა არაფერს არ წყვეტდა (მაინც პირველზე გადიოდნენ), თუმცა დღევანდელი
შეხვედრა მათთვის მეტად პრინციპული იყო.
ნაკრებმა ჩინებულად ჩაატარა ეს მატჩი და დამსახურებულად გაიმარჯვა.
დებიუტში მოპოვებული ლიდერობა ნაკრებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაფლანგა.
ქუთაისელებმა, რომლებიც პირველ მეოთხედში 14 ქულით ჩამორჩნენ, დიდი შესვენებისთვის
სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.
დაიწყო მეორე ტაიმი და ნაკრებმა სამაგალითო თამაში აჩვენა. მედგარი
დაცვისა და სწრაფი შეტევების წყალობით ნაკრებელებმა მესამე მეოთხედის საწყისი
5–წუთეული 20:3 მოიგეს და მათმა უპირატესობამ 20 ქულას გადაჭარბა. გამოსარჩევია
ლერი კვანტალიანის ფარქვეშა თამაში, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულა და 13 მოხსნა
მიითვალა. ირაკლი მიქელაძე კი ნაკრების მოტორივით იყო – ბურთს იგი ათამაშებდა და
საბოლოოდ 12 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. კაზანჯიანის გუნდის მესამე ლიდერი ნიკა
რამიშვილი გახლდათ, ხოლო ლევან ლოლიშვილი ძალიან საჭირო სამქულიანებით შეეწია
16–წლამდელთა ნაკრებს.
ბოლო წუთებზე ქუთაისელები ლევან გრძელიძის, გოგა ტყაბლაძისა და ავთო
ლომინაშვილის აქტიურობის შედეგად 5 ქულით მიუახლოვდნენ ნაკრებს, თუმც თამაშის
შემოსაბრუნებლად დრო აღარ ეყოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელებმა მხოლოდ 6 კალათბურთელით ითამაშეს,
ისიც ერთმა, სამარქაფო თემურ ფხაკაძემ მხოლოდ 7,37 წუთი დაჰყო მოედანზე. მიზეზი 3
მოთამაშის ტრავმები და ავადმყოფობა იყო. ნაკრებმა კი პირიქით – კაზანჯიანი 11
მოთამაშეს დაეწრდნო და ამან თავისი როლი ითამაშა გამარჯვებაში.
ფინალში გავა ის გუნდი, რომელიც მესამე, გადამწყვეტ, ქუთაისში
სამშაბათს გასამართ შეხვედრას მოიგებს.
სტატისტიკა: http://u-18.ge/playoff/09-10/result/193
ფოტოგალერეა: http://u-18.ge/gallery.php?cat=5&alb=524&img=693