ნარ ზანოლინის პრესკონფერენცია

 დღეს, საღამოს 6–ის ნახევარზე თბილისში ვიზიტით მყოფმა ფიბა–ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა „სპორტკაფეში“ პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ ამავე ორგანიზაციის საფინანსო სამსახურის უფროსი იან ბერტენინგი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი.უცხოელმა ჩინოსნებმა დღეს საკალათბურთო “აკადემიისა” და სკა–ს დარბაზები მოინახულეს, შეხვდნენ კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას და შემდეგ პრესისთვის მოიცალეს.

თავდაპირველად სიტყვა ბესიკ ლიპარტელიანმა ითხოვა და მრავალრიცხოვან ჟურნალისტთა აუდიტორიას მოკლედ გააცნო ნარ ზანოლინის საქართველოში ვიზიტის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობა სურს 2011 წელს და ამის წინააღმდეგნი არც ფიბა–ევროპაში არიან, ოღონდ ეგაა, რომ საკალათბურთო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს აჟურში, რათა მასპინძლობის ნება დაგვრთონ. ამიტომაც ჩამოვიდნენ ევროპული კალათბურთის მაღალჩინოსნები და გულდასმით დაათვალიერეს ჩვენი საკალათბურთო მეურნეობა.ნარ ზანოლინმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ვიზიტით, მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს გამოჩენილი ყურადღებისთვის და მინისტრთან შეხვედრით დაიწყო ლაპარაკი:- მე და ფიბა-ევროპის ფინანსური განყოფილების უფროსი, იან ბერტენინგი ბატონ ნიკოლოზ რურუასთან შეხვედრის მერე ენთუზიაზმით აღვივსეთ. მას აშკარად ეტყობა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია. იგი დაგვპირდა, რომ საქართველოში კალათბურთის განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს, ჩვენი მხრივ კი დავპირდით, რომ 2011 წელს ევროპის რომელიმე ახალგაზრდული ასაკის ჩემპიონატს საქართველოში ჩავატარებთ. ვფიქრობ, ესეც დიდი სტიმული იქნება კალათბურთის განვითარებისთვის. სპორტის მინისტრი ასევე დაგვპირდა, რომ რეგიონებში კალათბურთის განვითარებასაც მიხედავს. ამისთვის საჭიროა რეგიონული მთავრობებისა და ბიზნესსექტორის საქმეში ჩართვა. იმედია, მინისტრის შეწევნით ეს საკითხი დადებითად მოგვარდება. არადა, კარგად ვიცი, რომ საქართველოში არაერთი კარგი კალათბურთელია, მაგრამ კლუბების ნაკლებობაა თვალშისაცემი. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ საკალათბურთო ბაზისზეც ბევრი სამუშაოა. A დივიზიონის წარმომადგენელ ქვეყანაში გაცილებით მეტი კალათბურთელი უნდა იყოს. ასე და ამგვარად, დავინახეთ კალათბურთის განვითარების პოლიტიკური ნება, რასაც გარედან დახმარებას შეერწყმება და მიიღებთ მაღალ შედეგებს…

ბესიკ ლიპარტელიანი და ნარ ზანოლინი
– უკვე სამი წელია საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ეკიპირებას და საკალათბურთო ბურთებს ვუგზავნით – განაგრძო ზანოლინმა –  რაც უსასყიდლოდ ნაწილდება ბავშვთა და უმაღლესი ლიგის გუნდებზე. ამიერიდან კიდევ უფრო გავაქტიურდებით სემინარების გამართვისთვის საჭირო მწვრთნელებისა და მსაჯების საქართველოში მოვლინების საქმეში. დღეიდან კი საკალათბურთო ინვენტარითაც დაგეხმარებით: გამოვგზავნით ტაბლოებს, 24-წამის ასაზომ მინი-ტაბლოებს, კალათებს და ფარებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მჭირდო კავშირი გვაქვს და მუშაობის პროცესში კიდევ გამოჩნდება, რითი შეგვეძლება დახმარება. ფიბა–ევროპის გენერალურმა მდივანმა შემდეგ დარბაზებზე ისაუბრა:- სპორტის სასახლე 2004 წელს ვნახე. მას შემეგ ეს არენა მართლა სასახლეს დამსგავსებია. ძალიან მომეწონა. იმედია, ასევე კარგად მოეწყობა სკა-ს და “აკადემიას” დარბაზები. იტალიელმა სტუმარმა ვერის ბაღის არენაც მოინახულა, თუმცა მასზე არ უსაუბრია, რადგან იგი კერძო პირს ეკუთვნის.
ვერის ბაღის შესახებ განმარტება ბესიკ ლიპარტელიანმა გააკეტა:- მას შემდეგ, რაც იგი გაიყიდა, დარბაზში არაფერი გაკეთებულა, ამიტომ თბილისის მერიას აქვს უფლება გადახედოს გასხვისებული ობიექტის საკითხს. დაუბრუნდება თუ არა ვერის ბაღის არენა კალათბურთს, ნოემბრის შუაში გადაწყდება.
მომდევნო კითხვები ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს შეეხო, რომელზეც ფიბა–ევროპის გენერალურმა მდივანმა ამომწურავი პასუხები გასცა:- ევროპის ყველა სანაკრებო ტურნირის წილისყრა 16 იანვარს გაიმართება. ამ დღეს 300-მდე ნაკრებს გადავანაწილებთ ჯგუფებში, ქალებს, ახალგაზრდებს, იუნიორებს, კადეტებს… და A დივიზიონის გუნდებს, – აღნიშნა ფიბას გენერალურმა მდივანმა და განაგრძო:- 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ევროპული ნაკრებები ავტომატურად მიიღებენ ევრო-2011-ის საგზურს. დანარჩენები 2010 და 2011 წელს შესარჩევ ტურნირს ითამაშებენ. ევროპის პირველობის ყველა მონაწილის ვინაობა 2010-ში გარიკვევა, ერთი გუნდის გარდა: მეთექვსმეტე საგზურისთვის 2011 წლის აგვისტოში ექვსი ნაკრები იბრძოლებს. ვფიქრობთ, დახვეწილი სისტემაა, თუმცა კონცეფციის სრულყოფაზე კიდევ ვმუშაობთ. ასეა თუ ისე, 2011-წლამდე არაფერი შეიცვლება. ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ნარ ზანოლინს ასეთი კითხვა დაუსვა: „თბილისში 2004 წელს ბრძანდებოდით, მაშინ საქართველოს ნაკრებში სწორედ ის შემადგენლობა თამაშობდა, რაც წლეულს. თუმცა, 6 წელი მოგვიწია ქვედა ლიგაში ყოფნა. ამის მიზეზი გარკვეულწილად გუნდების ორ დივიზიონად გაყოფის შემდეგ შემოღებული სისტემაცაა. ხომ არ იგეგმება მისი გადახედვა?“- პირდაპირ ვიტყვი – არ იგეგმება. ახლა აგიხსნით, რატომ: 2004 წელს საქართველოში ჩამოვედი და გავიგე, რომ მანამდე სამი წლის განმავლობაში ერთი საშინაო მატჩიც არ გქონდათ ჩატარებული. ახალი სისტემის მიხედვით, A და B დივიზიონების ყველა ნაკრებს ყოველწლიურად მინიმუმ 3-4 საშინაო შეხვედრის გამართვა უწევს. ასე რომ, სხვებთან ერთად ჟურნალისტებზეც ვზრუნავთ – უკეთესად რომ იმუშაოთ. ზედა ლიგის გუნებს შორის არის გარკვეული განსხვავება: გვყავს ათი ძლიერი ნაკრები, რომლებსაც მოსდევთ მეტ-ნაკლებად თხუთმეტამდე თანაბარი. ჩვენი სისტემის წყალობით, ტოპ-გუნდებთან თამაშის საშუალება A დივიზიონის მეორე რანგის გუნდებს ეძლევათ. რაც შეეხებათ B დივიზიონის კლასიფიკაციაში ქვემოთ მყოფ ნაკრებებს, მათთვის ერთმანეთთან თამაში უფრო სასარგებლოა. მაგალითისთვის, არც ესპანეთისთვის და არც ანდორასთვის ურთიერთდაპირისპირება სარგებლის მომტანი არ იქნება, რადგან ამ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა, ესპანეთი მინიმუმ 100 ქულის სხვაობით მოუგებს. სწორედ ამიტომ არ მივმართავთ საფეხბურთო მოდელს. ფეხბურთში შეიძლება ანდორას პირველ წუთებზე ერთი ბირთი გაუვარდეს, შემდეგ დაცვაში ჩადგეს და ანგარიშს თუ არ შეინარჩუნებს, საპატიო სხვაობით მაინც წააგოს. კალათბურთში ასე არ მოხდება – ანდორელები ესპანელებთან შერცხვებიან. ამიტომ დავყავით გუნდები „ა“, „ბ“ და „ც“ დივიზიონებად.ფიბა-ევროპას გენმდივანმა ზემოთ დასმულ კითხვას შენიშვნის სახით ერთიც დაამატა:- 2004 წლის 11 სექტემბერს თბილისში ფინათთან მატჩს დავესწარი. მაშინ და დღეს შეიძლება ერთი შემადგენლობა გყავდათ, მაგრამ ახლა გაცილებით შეკრული და დახვეწილი გუნდია. ამიტომაც მოიპოვეთ ზედა ლიგის საგზური. ქვეყნის ზომებისა და სხვადასხვა პრობლემების გათვალისწინებით A დივიზიონში გადასვლა ფანტასტიკური მიღწევაა. ზედა ლიგაში მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ევროპაში საუკეთესო ოცეულში ხართ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით – საუკეთესო ოცდაათეულში.ევროპელი სტუმრები საქართველოს ხვალ, გამთენიისას დატოვებენ.
 

ნარ ზანოლინი, იან ბერტენინგი, ბესიკ ლიპარტელიანი და მერაბ რატიშვილი
 

იან ბერტენინგი და ნარ ზანოლინი
 

ზანულინი კამერების გარემოცვაში
 

ბესიკ ლიპარტელიანი