ნატალია ოთხმეზურმა საკრამენტოს 13 წუთში 12 ქულა ჩაუგდო

ნატალია ოთხმეზურმა საკრამენტოს 13 წუთში 12 ქულა ჩაუგდო

დღეს, გამთენიისას, ამერიკის ქალთა უმაღლეს სტუდენტურ დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდმა “თაბდერბერდსმა”, რომელმაც “საკრამენტო სტეიტი” 80:70 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამ მატჩში 13 წუთი ითამაშა და 12 ქულა ჩააგდო 21 წლის ნატალია ოთხმეზურმა.

დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ქალი NCAA-ის პირველ დივიზიონში შედეგიანად თამაშობს. მისმა გუნდმა Big Sky-ის კონფერენციის თამაშები დეკემბრის შუიდან დაიწყო და დღემდე სამივე მატჩი მოიგო, მთლიანად მიმდინარე 2021-2022 წლების სეზონში კი 12 შეხვედრიდან 7 გამარჯვება აქვს. Big Sky-ის კონფერენციაში სამიდან 3 გამარჯვებით იუტელები “არიზონა ლამბერჯეკთან” ერთად ლიდერობენ

მიმდინარე სეზონში გამართული ამ 12 მატჩიდან ნატალიამ 7-ში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.1 ქულას, 2.3 მოხსნას და 0.5 პასს აგროვებს. თამაშიდან ნასროლი მისი ბურთების 50 პროცენტი შედეგიანია. ნატალიამ ნელ-ნელა მოიპოვა მეტი ნდობა და განსაკუთრებით შედეგიანად ათამაშდა. წინა მატჩში, რომელიც იუტელებმა დიქსი სტეიტი 95:58 (სტატისტიკა) დაამარცხეს, ოთხმეზურმა 18 წუთში 11 ქულა მიითვალა.

შემდეგ მატჩს იუტელები 2 იანვარს, ჩრდილოეთ კოლორადოსთან გამართავენ.