ნბა–ს ორი გუნდი მზადაა, გიორგი შერმადინი დრაფტზე აიყვანოს

ნბა–ს ორი გუნდი მზადაა, გიორგი შერმადინი დრაფტზე აიყვანოს

ევროპიდან 2011 წლის ნბა-ს დრაფტზე მონაწილეობის სურვილი ოცმა კალათბურთელმა გამოთქვა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელიაც შედის. ამ 20 კალათბურთელში არ შედის საქართველოს ნაკრების და ლიუბლიანის „ოლიმპიას“ ცენტრი გიორგი შერმადინი, რადგან მას ავტომატურად უწევს ნბა-ს დრაფტი.
 
შეგახსენებთ, რომ დრაფტზე მონაწილეობა შეუძლია 18-დან 22-წლამდე (22 წლის ჩათვლით) ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც საკუთარი სურვილით მიმართავს ნბა-ს ადმინისტრაციას საკუთარი სახელის შეტანის მოთხოვნით. 22 წლის მოთამაშეებს საკუთარი სახელის ნბა-ს დრაფტზე შეტანა არ სჭირდებათ, რადგან ნბა-ს კანონმდებლობის მიხედვით ისინი ავტომატურად ხვდებიან ნბა-ს დრაფტზე გუნდების სიაში.
 
შესაბამისად, ნბა-ს გუნდებს არაფერი უშლით ხელს, ლიუბლიანური “ოლიმპიას” 22 წლის ქართველი ცენტრი დრაფტზე აიყვანონ. შერმადინმა დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატარა ევროლიგაში, რის შემდეგაც ის მსოფლიოს ყველაზე გლობალური საკალათბურთო ვებ–გვერდის, eurobasket.com-ის მიერ 2010-11 ევროლიგის სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად იქნა დასახელებული
 
ნბა-ს გეგმებზე დამატებითი ინფორმაციის გასაგებათ, სლოვენიაში თავად გიორგის დავურეკეთ, რომელმაც დრაფტში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თავის აგენტთან, ლევან მიქელაძესთან დაკავშირება გვირჩია.
 
– გიორგი, 2 წლის წინ დრაფტში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანე. ეს წელი კი შენთვის ბოლო შანსია.
– დიახ, წლევანდელი დრაფტის შემდეგ მასში მონაწილეობის უფლება აღარ მექნება, რადგან მისაღებ ასაკს გადავაბიჯებ. 2 წლის წინ განაცხადი გამოვიტანეთ, გარანტია არ მქონდა, რომ დრაფტზე სასურველი პირობებით ამიყვანდნენ. წლეულს განაცხადის გაკეთების აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან თუკი მსურველი იქნება, ისედაც ამიყვანს. მომავალი სეზონიდან კი დრაფტი აღარ მჭირდება, ნებისმიერ ნბა-ს გუნდს შეუძლია კონტრაქტი პირდაპირ შემომთავაზოს.
 
– არიან შენი აყვანის მსურველი გუნდები?
– არ ვიცი, ამის შესახებ ჩემს აგენტს უფრო ზუსტი ინფორმაცია აქვს. მე ამაზე ნაკლებათ ვფიქრობ რადგან ამ მომენტისთვის ჩემი მთავარი საფიქრალი სლოვენიის ჩემპიონატის მოგებაა.
 

 
ამის შემდეგ ლევან მიქელაძეს შევეხმიანეთ, რომელიც ფიბა-ს და ნბა-ს მოთამაშეების ასოციაციის (NBPA) მიერ ლიცენზირებული ერთადერთი ქართველი სპორტული აგენტია და რომელიც გიორგი შერმადინთან ერთად ეროვნული ნაკრების რამდენიმე (და არა მარტო მათ) წევრის ინტერესებს იცავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
 
– ლევან, აპირებთ თუ არა, რომ გიორგი შერმადინი ნბა–ს წლევანდელ დრაფტზე დადგეს?
– გიორგის 22 წელი შეუსრულდა და ავტომატურად უწევს ნბა–ს დრაფტში მონაწილეობა. სავარაუდოთ, მე და გიორგი დავესწრებით დრაფტის ცერემონიას, რომელიც 23 ივნისს ნიუ ჯერსიში „პიენუაი სენთერში“ გაიმართება.
 
– ავტომატურად დრაფტში მონაწილეობა რას ნიშნავს? ეგებ არ უნდა მოთამაშეს ამერიკაში გადასვლა.
– ეს მოთამაშის ნებაზე არ არის დამოკიდებული. როდესაც ნბა-ს გუნდი რომელიმე მოთამაშეს დრაფტზე ირჩევს, ეს არ ნიშნავს იმას რომ მოთამაშე შემდეგ სეზონში ნბა-ში ითამაშებს. ეს უბრალოდ ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს გუნდს ამ კონკრეტულ მოთამაშეზე მხოლოდ ნბა-ში. შესაბამისად, ნბა–ს ვერც ერთი სხვა გუნდი ვერ შესთავაზებს კონტრაქტს მოთამაშეს და თუ კალათბურთელი მოისურვებს ნბა-ში თამაშს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ გუნდთან შეძლებს კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებას, ვისაც ნბა–შ0 მასზე უფლებები გააჩნია. ასე მოხდა გიორგის ყოფილი თანაგუნდელის, ნიკოლა პეკოვიჩის შემთხვევაში. 2008 წელს „მინესოტა ტიმბერვულვსმა“ ის მეორე რაუნდში აიყვანა, მაგრამ ის „პანათინაიკოსის“ შემადგენლობაში იყო 2010 წლის ზაფხულამდე, სანამ „მინესოტამ“ კონტრაქტზე არ მოელაპარაკა.
 
– შერმადინით რომელი გუნდებია დაინტერესებული?
– გუნდების ვინაობას ნამდვილად ვერ გაგანდობთ, მაგრამ ვიტყვი, რომ 2 გუნდი მზადაა, შერმადინი დრაფტზე აირჩიოს. მათგან ერთი კი პირობას დებს, რომ შერმადინს გუნდის ძირითადი ცენტრის მთავარ შემცვლელად აიყვანს. ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროა, თუ ნბა-ს გუნდები ლოკაუტს გამოაცხადებენ, მაგრამ ჩვენ ამაზე ნაკლებად ვნერვიულობთ, რადგან მომავალ სეზონში გიორგის გარანტირებული კონტრაქტი აქვს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ „პანათინაიკოსთან“.
 
– ლოკაუტის შემთხვევაში ვერც ვერავინ ითამაშებს ნბა–ში. კონკრეტულად რა შეიძლება გახდეს ხელისშემშლელ ფაქტორად? „პანათინაიკოსი“ ხომ არა?
– „პანათინაიკოსთან“ შერმადინს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის გამოსყიდვაც იმ გუნდს მოუწევს, რომელიც გიორგის დრაფტზე აირჩევს. მთავარია, ჩვენ ზუსტად განვსაზღვროთ რა აჯობებს მისი კარიერისთვის, „პანათინაიკოსში“ დარჩენა თუ ნბა–ში თამაში. თუ ნბა-კენ გადავიხარეთ, რა თქმა უნდა, პანათინაიკოსი თავის მხრივ ყველანაირად შეეცდება რომ გიორგი შეინარჩუნოს, მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც გიორგი ამ სეზონის ევროლიგის ერთერთ საუკეთესო მოთამაშეთ აღიარეს. თუმცა ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება.
 
– როდის გაირკვევა საბოლოოდ, გადადის თუ არა შერმადინი ნბა–ში?
– 1 ივლისს გავიგებთ ლოკაუტი იქნება თუ არა, ხოლო ამის მიხედვით დავიწყებთ ფიქრს სად უფრო უკეთესი იქნება გიორგისთვის. სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ივლისის შუა რიცხვებამდე მოგვიწევს მუშაობა. საკმაოდ ცხელი ზაფხული გველის, მაგრამ ამ ყველაფერს სრულიად მშვიდად ვხვდებით, რადგან სადარდებელი არაფერი გვაქვს, გიორგის ხომ „პანათინაიკოსში“ ელიან.