ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის გამოტოვების შემდეგ, ქართველმა ცენტრმა კლივლენდში გამართულ მომდევნო შეხვედრაში ითამაშა. დებიუტი დიდი ალბათობით შედეგიანი იქნებოდა, ქართველ ცენტრს მოედანი ფეხის ტკივილის გამო რომ არ დაეტოვებინა. ბითაძე მშვენივრად ჩაერთო თამაშში და საკმაოდ შედეგიანიც იყო, თუმცა პარკეტზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მოედანი დატოვა.
გაჩნდა ინფორმაცია, რომ პირველადი შეფასებით, გოგას ტრავმა სერიოზული არ იყო და ის, შესვენებაზე თითქოს ჩვეულებრივად ხურდებოდა, თუმცა, პეისერსის თავკაც ნეიტ მაკმილანს ჩვენებური, მეორე ნახევარში სათადარიგოთა სკამიდან აღარ წამოუყენებია.
ბითაძე მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:33 წუთით ადრე, მაილს ტერნერის ნაცვლად გამოჩნდა და მისი ბურთთან პირველივე შეხება შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა ტი ჯეი ლიფისგან კარგი პასი მიიღო და ფარქვეშ მარტო დარჩენილმა ორქულიანი მიითვალა. ამ დროს ინდიანელთა ჩამორჩენა მხოლოდ ერთქულიანი გახდა – 23:24.