ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას კვლავ ტრავმა აწუხებთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ნბა-ში მორიგი მატჩები გამოტოვეს. წინა დღისგან განსხვავებით კი „ატლანტამ“ და „ბრუკლინმა“ ამჯერად მოიგეს.
„ფილიპს არენაზე“ ატლანტელებმა „მემფისს“ უმასპინძლეს და გუდი გეის წასვლის შემდეგ დასუსტებული „გრიზლისი“ 103:92 დაამარცხეს. გამარჯვებულებს ჯეფ ტიგმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 13 პასი მოაგროვა.
„ბრუკლინმა“ კი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. შენგელიას გუნდი დეტროიტში „პისტონსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 93:90 დაამარცხა. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე ბრუკლინელები 4 ქულით აგებდნენ, თუმცა თამაშის სათავისოდ შემობრუნება მოახერხეს.
მოგებების მიუხედავად ქართველების გუნდების სატურნირე მდგომარეობა არ შეცვლილა: „ბრუკლინი“ მე-5-ეა, „ატლანტა“ კი მე-6. მომდევნო მატჩ ფაჩულიას გუნდი 8 თებერვალს შინ „ნიუ ორლეანთან“ გამართავს, ხოლო „ბრუკლინი“ ამავე დღეს ვაშინგტონში, „ვიზარსთან“ ითამაშებს.