ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის გამოკითხვა დაიწყო. ნბას-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 2018 წლის 18 თებერვალს, ლოს ანჯელესის „სტეიპლზ სენთერში“ გაიმართება და ის რიგით 67-ე იქნება.
გამოკითხვაში მონაწილეობას იღებს ნბა-ს ყველა მოქმედი კალათბურთელი და მისი სისტემა გასულ წელს, ქართველი კალათბურთელის გამო შეიცვალა. როცა ოლ სტარის მონაწილეებს მხოლოდ გულშემატკივრები წყვეტდენ, ზაზა ფაჩულიას მცირედი დააკლდა ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად.
ეს იყო 2 წლის წინ, რის შემდეგაც ნბა-ს ხელმძღვანელებმა შეცვალეს გამოკითხვის პრინციპი და გულშემატკივრებს მხოლოდ 50 პროცენტი დაუტოვეს, ხოლო დარჩენილი 50 % სანახევროდ ეკუთვნით მედიის წარმომადგენლებსა და თავად კალათბურთელებს.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეუძლიათ NBA.com-ზე და NBA App-ზე 24 საათში თითო ხმა მისცენ. ამასთან ერთად, Facebook-ზე, Google Search-ზე, Twitter-ზე, Sina Weibo-ზე, Tencent-ზე და Amazon Alexa-ზე დღეში 10 ხმის მიცემა (10 სხვადასხვა კალათბურთელზე) არის შესაძლებელი. ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ასოციაციის განაცხადებში ყველა აქტიური კალათბურთელი.
Facebook
ფეისბუქზე ხმის მიცემის პროცედურა იგივეა, რაც შარშან: #NBAVOTE-თან ერთად ვწერთ კალათბურთელის სახელსა და გვარს ფეისბუქის პერსონალურ ექაუნთზე. თითო პოსტში შესაძლებელია მხოლოდ ერთი კალათბურთელისთვის ხმის მიცემა. დღეში 10 კალათბურთელისთვის შესაძლებელია ხმის მიცემა.
Twitter
დატვიტეთ, ან რეტვიტით დაპოსტეთ #NBAVOTE ერთად კალათბურთელის სახელი და გვარი (ან მისი ტვიტერის ექაუნთი). თითოეულ ტვიტზე მხოლოდ ერთი კალათბურთელისთვის შეიძლება ხმის მიცემა. დღეში სულ 10 კალათბურთელისთვის შეიძლება ხმის მიცემა.
Google Search
გუგლის ძებნის ველში ჩაწერეთ: NBA Vote All-Star ან NBA Vote (+გუნდის სახელი) და შეარჩიეთ კალათბურთელები. დღის განმავლობაში 10 კალათბურთელისთვის (თითოჯერ) შეგიძლიათ ხმის მიცემა. Sina Weibo-ს, Tencent-ს და Amazon Alexa-ს საქართველოში ძალიან მცირე მომხმარებელი ჰყავს. პრინციპი ძირითადად იგივეა, რაც ფეისბუქსა და ტვიტერზე.
წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 4, 11 და 15 იანვარს.
გამოკითხვის საბოლოო შედეგები მასმედიით გამოცხადდება. ამას გააკეთებს TNT, რომელიც გუნდბეის სასტარტო ხუთეულებს და კაპიტნებს 18 იანვარს, პირდაპირ ეთერში დაასახელებს. ტელეკომპანია 23 იანვარს ასოციაციის მწვრთნელების მიერ შერჩეულ სარეზერვოებსაც გამოაცხადებს.
25 იანვარს TNT NBA Tip-Off-ის ერთ-საათიან გადაცემაში დასახელდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის სრული შემადგენლობები. მანამდე კაპიტნებს კორექტირების უფლება აქვთ. ეს უფლება კაპიტნებს წელს პირველად მიენიჭათ.