რაც იტალიის სერია A2-ის ბინადარ “ჯივოვა სკაფატის” რიგებში გადავიდა, ნიკა მეტრეველმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “ლენიანოსთან” საშინაო შეხვედრაში ქართველი ლეგიონერი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მეტრეველი, ფაქტობრივად, უშეცდომო გახლდათ. მან 5-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. შედეგად, ნიკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ორს ჩამორჩა. ამერიკელმა დერილ ჯეკსონმა 25 ქულა ჩააგდო, ებრაელმა ნაიმი იუვალმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 13 პასი.
“სკაფატის” 6 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და სერია A2-ის დასავლეთ დივიზიონში მე-14 ადგილზეა. მეტრეველის გუნდი მომდევნო მატჩს 19 თებერვალს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ფერენტინოსთან” გამართავს.