ნიკა ცქიტიშვილის დებიუტი და პრეზენტაცია “ლაგუნ აროში”

ნიკა ცქიტიშვილის დებიუტი და პრეზენტაცია “ლაგუნ აროში”

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი თავის ახალ ესპანურ გუნდს – ბასკეთის „ლაგუნ აროს“ შეუერთდა, ერთი სპარინგ–მატჩი გამართა და ის ამ გასულ უქმეებზე საზოგადოებასაც წარუდგინეს, სპეციალური პრესკონფერენცია მოუწყვეს.
 
ნიკა ცქიტიშვილმა ესპანურ მედიასთან საუბარი ასე დაიწყო:
“ბევრი ჟურნალისტი შეკრებილა. ამდენი მედიელი ზოგჯერ NBA-ს პრესკონფერენციებსაც არ ესწრება. გუნდიცა და ქალაქიც ძალიან მომწონს. “ფუენლაბრადაში” თამაშისას პირველად სან-სებასტიანში რომ ჩამოვედი, ჩემს თანაგუნდელებს მაშინვე ვუთხარი – მშვენიერი ქალაქია-მეთქი. მოხარული ვარ, რომ ასეთ გარემოში მომიწევს ყოფნა. ვეცდები, გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო”.
 
“ამერიკის შემდეგ ევროპაში კარიერის გაგრძელება იოლი არ არის. აუცილებელია, საკალათბურთო საზოგადოებას დაუმტკიცო, რომ ბევრი შეგიძლია. აქამდე არაერთ ძლიერ ევროპულ კლუბში ვიყავი და ყველგან მაქსიმუმის გაღებას ვცდილობდი. “ლაგუნ არო” ესპანეთის ჩემპიონატის გუნდია, შესაბამისად, შესაძლებლობების ჩვენებისთვის კარგი ადგილია. მოტივაცია ნამდვილად არ მაკლია”.
 

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ახალი გუნდის მაისურით
 
“ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. მთელი ზაფხული საქართველოს ნაკრებთან ერთად გავატარე და რთული მატჩების ჩატარებამ მომიწია. ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, რაც ურიგო შედეგი არ გახლავთ. გაისად ჩვენი ნაკრები ევროპის პირველობაზე ითამაშებს. ახლა უკვე “ლაგუნ აროსთან” ერთად წარმატებულ თამაშზე ვფიქრობ. ვიმედოვნებ, არც გუნდთან შეწყობა გამიჭირდება და არც ტაქტიკურ სქემებში გარკვევა”.
 
როგორც გითხარით, ცქიტიშვილმა ახალ გუნდში საკონტროლო მატჩი ითამაშა და „ლაგუნ აროს“ „სარაგოსას“ დამარცხებაში დაეხმარა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ცქიტიშვილის გუნდმა საბოლოოდ 67:63 იმარჯვა. ნიკამ 13 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა – 9 ქულა მოაგროვა.
 
“კარგია, საკონტროლო მატჩები გამარჯვებით რომ დავიწყეთ – განაცხადა ცქიტიშვილმა – ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ცოტა დაღლილი ვიყავი. ეს მწვრთნელებმაც იცოდა და ამიტომაც მათამაშა 13 წუთი. მატჩის მსვლელობისას ძალიან დამეხმარნენ ჩემი ახალი თანაგუნდელები და მწვრთნელები. ვფიქრობ, ასევე წარმატებით ვითამაშებთ ესპანეთის ჩემპიონატშიც”
 
“წინასწარ ძნელი სათქმელია, რა ფუნქციები დამეკისრება “ლაგუნ აროში”. ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს. ზოგი ფარქვეშიდან, ზოგიც პერიმეტრიდან შეტევას მავალებს. “ლაგუნ აროს” თავკაცს რომელ პოზიციაზეც დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ინდივიდუალურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გუნდური წარმატებაა”.
 
“აქამდე არაერთ კლუბში მითამაშია და გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა. საკუთარ თავზე ახლაც ბევრს ვმუშაობ და ვიმედოვნებ, რომ ესპანეთის პირველობას სათანადო კონდიციებსაც შევხვდები და გუნდსაც კარგად მოვერგები”– ასე დაასრულა ცქიტიშვილმა ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარი.
ნიკა ცქიტიშვილი, ომელიც ბოლო წლებში ნაკრებშიც და კლუბებშიც 22–ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, „ლაგუნ აროში“ სხვა ნოერი იქნება. მომავალ ჩემპიონატში იგი 33-ე ნომრით ითამაშებს. ესპანეთის პირველობა 2 ოქტომბერს დაიწყება. სადებიუტო მატჩში ცქიტიშვილს თავის ყოფილ გუნდ “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ მოუწევს თამაში.