ნიკა ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსი” იაპონიის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს

ნიკა ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსი” იაპონიის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს

იაპონიის ჩემპიონატში წაუგებელი მატჩების სერიას აგრძელებს ნიკა ცქიტიშვილის „ტოჩიგი ბრექსი“. მორიგი წყვილი მატჩი ტოჩიგელებს „ჰოკაიდოსთან“ უწევთ, რომლის პირველი დაპირისპირება 5 დეკემბერს მოიგეს.
იაპონიის ჩემპიონატის გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: ყოველ უქმეებზე გუნდები 2-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და შესაბამისად, 2 ტურს ილევენ. ცქიტიშვილის გუნდმა შაბათის დაპირისპირება შინ 86:74 მოუგო კუნძულ ჰოკაიდოს წარმომადგენლებს და ლიდერთა შორის ადგილი გაიმყარა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ნიკამ 4-დან 3 ოქრულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ცქიტიშვილმა 3 ჯარიმა მიიღო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ტოჩიგელებს რაიან როსიტერმა 23 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა.

13 მოგებითა და 2 მარცხით „ტოჩიგი ბრექსი“ ცხრილში მე-2 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ტოიოტა ალვარკს“, რომელმაც ბოლო შეხვედრა „ჰიროშიმას“ 90:76 მოუგო. კვირას, 6 დეკემბერს ნიკას გუნდისთვის ჰოკაიდოელებთან მორიგი დაპირისპირებების დღეა.