სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს სამწვრთნელო შტაბი
გამოეცვალა. სერგო იშხნელის ნაცვლად მედიკოსებს ნუგზარ კანდელაკი გაწვრთნის.
თსსუ–ს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ გუნდმა პირველ წრეში მხოლოდ 3
მატჩი მოიგო და ცვლილებაც ამან გამოიწვია.
შეიცვალა ასისტენტი მწვრთნელებიც. სერგო იშხნელის თანაშემწე მისი ვაჟი
ვახტანგ იშხნელი გახლდათ, რომლის ნაცვლადაც გუნდში ვეტერანი კალათბურთელი, ძველი „დინამოს“
წევრი თენგიზ ფიცხელაური იმუშავებს.
რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელ ნუგზარ კანდელაკს, იგი სუპერლიგის
გუნდს ბოლოს 2008–09 წლების სეზონში უძღვებოდა. მაშინ კანდელაკი
ქართულ–აზერბაიჯანულ გუნდს „ნტდ–დევონს“ წვრთნიდა და გუნდი პლეი ოფში გაიყვანა,
სადაც მეოთხედფინალური სერია „ავიამშენთან“ 0:2 დათმო. ნუგზარ კანდელაკს ამ
სეზონის დაწყებამდე უკრაინულ „ხიმიკში“ ეპატიჟებოდნენ, თუმცა მისი ამ გუნდის
მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ბოლო მომენტში აღარ შედგა.
კანდელაკი მიმდინარე სეზონში 18–წლამდელთა ჩემპიონატში მოასპარეზე „ავერსს“
წვრთნიდა და სამი ტურის შემდეგ ეს გუნდი პირველ ადგილზეა. დღეიდან კი მას უფრო
მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება – კანდელაკი სუპერლიგის გუნდის მთავარ მწვრთნელად
დაინიშნა. სამედიცინო უნივერსიტეტში კანდელაკის და ფიცხელაურის პრეზენტაცია დღეს,
4 იანვარს გაიმართა.
რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერჯერობით ცვლილებები არაა, თუმც,
სავარაუდოდ, რამდენიმე სიახლე ამ მხრივაც იქნება. ახალ მწვრთნელს საკუთარი ხედვა
აქვს და როგორც განაცხადა, შესაძლებლობის ფარგლებში სასურველ შემადგენლობას
მოუყრის თავს.