ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი აგრძელებს ქომაგების გაკვირვებას და თუკი თსუ–ს წინა ტურში ცოტა დააკლდა „სასოფლოს“ დამარცხებამდე, დღეს სულაც ჩემპიონობის კანდიდატი „ავიამშენი“ იმსხვერპლა
თან ისე, რომ ლევან მოსეშვილის გუნდისთვის წარმატების შანსი არც მიუცია.თსუ – „ავიამშენის“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სტუდენტების დამრიგებელმა თქვა, გაჭირვებამ უფრო გაგვაერთიანა და საბრძოლოდ განგვაწყოო. ეს რომ ასეა, დღეს სპორტის სასახლეში მისულმა გულშემატკივარმა თვალნათლივ დაინახა. უხელფასოდ და ამის გამო 4 წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილმა სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა გაცილებით წელგამართულსა და დაბალანსებულ „ავიატორებს“ ერთი ამოსუნთქვით მოუგეს. მართალია, მოსეშვილის გუნდს კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი და ფორვარდი ვახტანგ მინაშვილი აკლდა, თუმცა თსუ–სთან რომ უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, ეს სადაო თითქმის არავისთვის იყო. თავად სტუდენტები აცხადებდნენ, უკეთესი შანსები „ავიამშენს“ აქვს, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გამოჩნდებაო. ჰოდა, გამოჩნდა თსუ–ს შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა და გამარჯვებისკენ ლტოლვა, რაც ჭეიშვილის შეგირდებს გამარჯვებით დაუფასდათ.
თავიდანვე აგრძნობინა თსუ–მ „ავიამშენს“, რომ იოლად არ დანებდებოდა და ბოლომდე იბრძოლებდა. სტუდენტები ძირითადად სწრაფი გარღვევებითა და შორი სროლებით ცდილობდნენ ქულების შეგროვებას და ეს კარგადაც გამოსდიოდათ. ჭეიშვილის გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ცენტრი და ამიტომაც არ აწყობდა ფარქვეშა, პოზიციური თამაში და უკანმოუხედავად უტევდა. შედეგიც ის მიიღო, რომ პირველივე მეოთხედში დაწინაურდა, თუმცა მოპოვებული 7–ქულიანი ლიდერობა გაანიავა და პირველი მეოთხედი მხოლოდ 21:20 მოიგო.„ავიამშენი“ ცდილობდა, სიმაღლეში უპირატესობა სათავისოდ გამოეყენებინა და თსუ–ს ფარქვეშიდან უტევდა. თორნიკე ნინიაშვილი სამწამიანის ბატონ–პატრონი იყო, თუმცა თავის მხრივ სტუდენტებსაც ჰქონდათ კოზირები და ეს ძირიტადად შორი სროლები იყო. მიხეილ ფანჩულიძემ მეორე მეოთხედში ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო ერთი და იმავე წერტილიდან და დიდი შესვენებისთვის თსუ უკვე 50:42 იგებდა.მესამე ათწუთეულში „ავიამშენი“ ამოქმედდა. სტუდენტებს სისწრაფეში ფეხი აუწყო დავით ბერიშვილმა, რომელმაც თსუ–ს ფარზე შესვლებს უხშირა და მას ძირითადად ჯარიმებით აჩერებდნენ სტუდენტები. დათოც შედეგიანად ესროდა, იქით რიჩარდ მათიაშვილიც გააქტიურდა და მესამე მეოთხედის ბოლოსკენ „ავიამშენმა“ ამ მატჩში ლიდერობა პირველად მოიპოვა – 64:63.ალბათ ბევრმა ჩათვალა, რომ თსუ გატყდა, თუმცა სტუდენტებს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ლიდერობა უმალ დაიბრუნეს. ისინი ვა–ბანკზე წავიდნენ და სამქულიანებით სცადეს დაკარგული სადავეების უკუგდება, რაც გამოუვიდათ კიდეც.ლუკა შანიძემ, გიორგი მარკოიშვილმა, გიორგი გაფრინდაშვილმა მეტად საჭირო სამქულიანები მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი რამდენჯერმე შედეგიანი სწრაფი შეტევა განახორციელა და ბოლო მეოთხედის წინ ჭეიშვილის გუნდი 6 ქულით დაწინაურდა.
თსუ–მ გადამწყვეტ ათწუთეულში კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა „ავიატორებს“, როცა წარმატებული სროლა გააგრძელა და მისმა ლიდერობამ ათქულიან ზღვარს გადააბიჯა. თამაში ისე ჩამთავრდა, რომ „ავიამშენს“ მეტოქეზე მიახლოების შანსიც არ მისცემია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გვარიანად მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა და ყველას დაანახა, რომ ძველებურად ამბიციურია.დღის დანარჩენი მატჩებიდან გამოსარჩევია შსს–ს მოულოდნელად მძლავრი თამაში სუპერლიგის წაუგებელი ლიდერის, რუსთავული „ენერჯი–ინვესტის“ წინააღმდეგ. შსს–მ პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგო, რაც ძირითადად ოთარ ფაიქრიძის დამსახურებაა, რომელმაც სწორედ 11 ქულა დააგროვა საწყის ათწუთეულში. მეორე მეოთხედშიც უმეტესწილად შსს ლიდერობდა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონებმა ყველაფერი საკუთარ ადგილზე დააყენეს და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლიდერობას დაეპატრონნენ, რაც თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა „ბათუმმა“, რომელმაც სუპერლიგაში ჯერაც მოუგებელი „მაკაბი“ დაამწუხრა. „სასოფლომ“ კი დაგეგმილი 2 ქულა შეიმატა „დინამოსთან“, თუმც ეს იოლად ნამდვილად არ გამოსვლია. დინამოელები ბოლო წუთებამდე უძალიანდებოდნენ „სასოფლოს“, თუმცა საბოლოოდ ფავორიტმა მაინც იმარჯვა.