ევროლიგის მოგების შემდეგ გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“ სეზონის მეორე უმთავრესი ტიტული ვერ მოიგო. პირეოსელებმა საბერძნეთის ჩემპიონობა „პანათინაიკოსთან“ დათმეს, თუმცა მარადიული მეტოქე თავის დარბაზში არ აზეიმეს.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი პირეოსში, „ოლიმპიაკოსის“ დარბაზში გაიმართა. მატჩის დასრულებამდე 1,27 წუთით ადრე, როცა „პანათინაიკოსი“ 76:72 იგებდა, მასპინძელთა ქომაგებმა მეტოქეს რაც ხელთ მოხვდათ, ყველაფერი დაუშინეს. სტუმართა გუნდის წევრებმა გასახდელში უვნებლად ძლივს, დაცვის თანხლებით შეასწრეს, ხოლო მატჩი, შეწყდა.
„ოლიმპიაკოსი“ სერიას 0:2 აგებდა და ამ მატჩის წაგება იმას ნიშნავდა, რომ „პანათინაიკოსი“ ჩემპიონობას იზეიმებდა. ეს არ დაუშვეს პირეოსელმა „ულტრასებმა“ და თამაში ჩაშალეს. მსაჯებმა დარბაზიდან ყველა მაყურებლის გაყვანა და მატჩის გაგრძელება განიზრახეს. 2 საათში დარბაზი დაიცალა, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარი ვერდიქტი მიიღეს: მატჩი აღარ გააგრძელეს და ანგარიში ძალაში დატოვეს. შესაბამისად, „პანათინაიკოსი“ ჩემპიონი გახდა, თუმცა ცარიელი ტრიბუნების წინ და საზეიმო განწყობას მოკლებულ ვითარებაში. ეს ათენელთა 33-ე ჩემპიონობაა, რომელიც მე-16-ეა ბოლო 18 წელიწადში.
გიორგი შერმადინი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. ოლიმპიაკოსელთაგან საუკეთესო კაილი ჰაინსი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ჩემპიონებში საუკეთესო დიმიტრის დიამანტიდისი გახდა 18 ქულით.