დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ბ“ ლიგების კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გუნდები დააწყვილა. აღნიშნული ტურნირები წარმოადგენს თბილისის ღია ჩემპიონატს, რომლებშიც სურვილისამებრ რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ეს გახლავთ ტურნირები, რომლებშიც ის გუნდები მონაწილეობენ, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ადგილი ვერ მოიპოვა.
„ბ“ ლიგაში 3 ასაკობრივი კატეგორიაა – ჩემპიონატები ტარდება 14, 16 და 18 წლამდელებში. აღნიშნული ტურნირები მეოთხე წელია, ტარდება და მათ ორგანიზებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უწევს.
პირველად მოხდა, რომ კენჭისყრა ერთბაშად სამივე ასაკობრივ ჩემპიონატში ჩატარდა. კენჭისყრა ჩაატარეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ახალმა პრეზიდენტმა – ვლადიმერ ძიძიგურმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ღონღაძემ, კავშირის წევრმა, გიგა ჩაჩანიძემ და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ზაბახიძემ. მოგეხსენებათ, კავშირის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და ის პოსტზე ვლადიმერ ძიძიგურმა შეცვალა.
კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ბ“ ლიგის გათამაშებაში მონაწილე გუნდების მწვრთნელები. ყველა გუნდის წარმომადგენელი რომ მოსულიყო, ოლიმპიური სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში არ დაეტეოდნენ – იმდენად გაზრდილია „ბ“ ლიგაში მოასპარეზეთა რაოდენობა. 3 ასაკობრივ ჩემპიონატში ჯამში 80 გუნდი ასპარეზობს:
14-წლამდელებში – 29 გუნდი
16-წლამდელებში – 25 გუნდი
18-წლამდელებში – 26 გუნდი
სწორედ ამ გუნდებს უყარეს დღეს კენჭი და გაანაწილეს ჯგუფებში. კენჭისყრის შედეგებს წარმოდგენილ ფოტოებში ნახავთ, აქ კი დავძენთ, რომ გათამაშების სისტემა შეცვლილია და პლეი ოფში თითო ტურნიში გადის 16 გუნდი. პლეი ოფის პირველ და მეორე წრეში სერიაში გამარჯვება იქნება ერთ მოგებამდე, ხოლო ნახევარფინალსა და ფინალში 2-მატჩიანი სერიები გაიმართება.
„ბ“ ლიგის ჩემპიონატების კალენდრები ახლო მომავალში შედგება, ხოლო თავად ტურნირები სტარტს დაახლოებით 15 იანვრიდან აიღებს.











