ორბის მე-4 გამარჯვება ბოლო 5 მატჩში | ტყიბულელებმა ბოლო ადგილს თავი დააღწიეს

ორბის მე-4 გამარჯვება ბოლო 5 მატჩში | ტყიბულელებმა ბოლო ადგილს თავი დააღწიეს

ტყიბულის ორბის გმირული ეპოპეა გრძელდება. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრე 2 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა, რის შემდეგაც, განწირული მდგომარეობიდან გამოვიდა და ამ ეტაპზე სუპერლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატის სტატუსით აღარ სარგებლობს. ეს ორბმა იმ გმირული თამაშით მოახერხა, რასაც მეორე წრეში აჩვენებს. მეორე წრის 5 მატჩიდან ტყიბულელებმა 4 შეხვედრა მოიგეს და ცხრილის ბოლო ადგილიდან ზემოთ აინაცვლეს. 

ორბმა მეორე წრე თსუ-ს ძლევით დაიწყო, შემდეგ გურჯაანში დელტას სძლია. შემდეგ იყო უიმედო მარცხი ქუთაისში და შემდეგ კიდევ 2 გამარჯვება – რაშთან წინა ტურში და დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან. კსუ-საც არ აქვს საქმე დალხენილად. ბექა წივწივაძის გუნდმა წაგებებს უხშირა და დღეს ტყიბულს 6 მოგებით ესტუმრა. 5 მოგება ჰქონდა ორბს და დაძაბულ, ძალიან პრინციპულ მატჩში საკუთარ თავში ძალები იპოვა – მთელი თამაში მობილიზებული იყო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ერთადერთხელ, მატჩის შუაწელში მოახერხა კავკასიამ მინიმალური სხვაობით დაწინაურება, თუმცა ტყიბულელებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს – 72:66 (სტატისტიკა)

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰონდა გიორგი კობახიძეს, რომელმაც 17 ქულით ბომბარდირობა არავის დაუთმო. 15 ქულა და 8 მოხსნა ტაისონ ჯექსონმა მიითვალა, 13-13 ქულა დონდრე რედიკისა და ბექა ლომაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და სარგებლიანობის ინდექსით გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. კავკასიელთაგან საუკეთესო იყო გიორგი ტურძილაძე – 16 ქულა და 9 მოხსნა, 14 ქულა შამარ რაითის ანგარიშზეა.

ორბი წელში გაიმართა, თუმცა ყველაზე მეტი, 11 მარცხი აქვს და სუპერლიგაში დასარჩენად კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევს, უბრალოდ, ბოლო წარმატებებით უპირობო აუტსაიდერის არასასურველი სტატუსი ჩამოიშორა. 18 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ამრა თსუ-ს დიღმის არენაზე უმასპინძლებს, ბათუმში სათამაშოდ კი გურჯაანის დელტა ჩავა.