ორმაგი დუბლი მემფისშიც: ფაჩულიას წინ ნბა-ში მხოლოდ ვესტბრუკი და დრამონდია

ორმაგი დუბლი მემფისშიც: ფაჩულიას წინ ნბა-ში მხოლოდ ვესტბრუკი და დრამონდია

„დალას მავერიკსმა“ ბოლო მეოთხედი 8 ქულით მოუგო მემფისში „გრიზლისს“, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარცხი განიცადა – 96:110. ჩვენთვის მთავარი კი ისაა, რომ ტეხასელთა ქართველმა ცენტრმა თავისი ორმაგი დუბლების სერია გააგრძელა და სეზონის მე-15 მატჩში პირად ანგარიშზე მე-9 დაბლ-დაბლი ჩაიწერა.
ზაზა ფაჩულიამ ორმაგ დუბლებში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ნბა-ში ახლა მის წინ მხოლოდ დეტროიტელი ანდრე დრამონდი (13 დაბლ-დაბლი) და ოკლაჰომელი რასელ ვესტბრუკი (10) არიან. თუკი ასეთი წარმატებით გააგრძელებს თამაშს, ქართველ ცენტრს ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშის რეალური შანსი აქვს.

ფაჩულიამ მემფისში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულას ტეხასელთა ქართველმა ცენტრმა 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ორმაგი დუბლი მიითვალა დირკ ნოვიცკიმაც, რომელმაც 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მატჩის მესამე ორმაგი დუბლი მემფისელთა ესპანელმა ცენტრმა მარკ გასოლმა გაიფორმა 15 ქულითა და 10 მოხსნით.
„დალას მავერიკსს“, რომელსაც 9 მოგება და 6 მარცხი აქვს, „ოკლაჰომა“ წამოეწია და დასავლეთ კონფერენციაში ეს გუნდები 3-4 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 26 ნოემბერს, სან ანტონიოში „სფურსთან“ ელის.