ოვერტაიმმა ოვერტაიმში იმარჯვა და 16-წლამდელთა B ლიგის ფინალში გავიდა

ოვერტაიმმა ოვერტაიმში იმარჯვა და 16-წლამდელთა B ლიგის ფინალში გავიდა

16-წლამდელთა B ლიგის ფინალში “ოვერტაიმი” გავიდა, რომელიც მეტოქეს ზაზა ფაჩულიას აკადემიისა და საკალათბურთო აკადემიის დაპირისპირებიდან ელოდება. დღეს, თბილისი არენაზე ნახევარფინალური სერიების პირველი და მეორე მატჩები გაიმართა. ზაზას აკადემიამ დამაჯერებლად – 101:78 (სტატისტიკა) დაამარცხა “აკადემია” და ფინალში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა, ხოლო მეორე ნახევარფინალურ მატჩში დიდი ამბები მოხდა.

სერიის პირველი მატჩი, რომელიც გუშინწინ ოვერტაიმსა და ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს შორის გაიმართა, ამ უკანასკნელის 7-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. მეორე მატჩში ვსა-ს ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა და კომფორტულადაც იგებდა. მესამე პერიოდში დავით ბერიშვილის გაწვრთნილი ვსა 13 ქულით წინ იყო (პლუს წინა მატჩის 7-ქულიანი ჰანდიკაპი). ოვერტაიმმა ბოლომდე იომა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ანუ მატჩის ძირითად დროში 7 ქულით (77:70) იმარჯვა. ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული ფრის გამო ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც ოვერტაიმმა დამაჯერებლად – 88:74 (სტატისტიკა) მოიგო და ფინალში გავიდა.

ოვერტაიმმა გუნდური ბრძოლით მოიგო, თუმცა გამოსარჩევია საბა ყიფშიძის შედეგიანობა, რომელმაც 36 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 30 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა ლუკა ფანჩულიძეს, გიორგი ჩხენკელმა 16 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. ვსა-ს შემადგენლობაში 20 ქულით ანდრია რაქვიაშვილი გამოირჩა. 

აკადემიასა და ზაზა ფაჩულიას აკადემიას შორის მეორე ნახევარფინალური მატჩი 30 ივნისს გაიმართება.