ფაჩულია ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო

ფაჩულია ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო

ბრწყინვალედ დაიწყო ნბა–ს რეგულარული ჩემპიონატი ზაზა ფაჩულიამ. სეზონის გახსნით მატჩში ქართველი ცენტრის „ატლანტა ჰოუქსი“ „გრიზლისს“ მემფისში ეწვია და ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა – 119:104. ფაჩულიამ მოედანზე 29,37 წუთი გაატარა და თავიასიანთაგან საუკეთესო იყო.
 
ქართველმა ცენტრმა ლამის პირველივე ტაიმში შეასრულა ორმაგი დუბლი. ზაზამ პირველ ნახევარში ატლანტელთაგან ყველაზე მეტი – 20 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ფაჩულია შეუდარებელი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამ შეხვედრის ამერიკელ კომენტატორებს სულ ქართველის გვარი ეკერათ პირზე, ისინი ზაზა აქებდნენ და ადიდებდნენ.
 
ხუმრობა ხომ არაა, სათადარიგოს მოთამაშე გამოდის მოედანზე და პირველივე ტაიმში თითქმის ორმაგ დუბლს აგროვებს. სწორედ ზაზას აქტიურობამ დაუბევა ატლანტელებს საიმედო ლიდერობა და როცა მეორე ტაიმიდან იგი მოედანზე არ იყო, მემფისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ზაზა მაშინ გამოჩნდა მოედანზე, როცა მესამე მეოთხედის დასრულებას 4 წუთი ეკლდა. მემფისელი „დათვები“ მიხვდნენ, რომ ქართველისგან დიდი საფრთხე ელოდათ და მას განსაკუთრებული მეურვეობა დაუწესეს, რისი შედეგიც იყო ის, რომ ფაჩულიაზე გამუდმებით ჯარიმდებოდნენ. ზაზამაც მესამე მეოთხედის დარჩენილ დროში 4 საჯარიმო ჩააგდო და პირადი მონაგარი 17 ქულამდე გაზარდა.
 
ბოლო პერიოდში ფაჩულიას ბევრი არ უთამაშია, თუმცა მისი წვლილი გამარჯვებაში უდიდესი გახლდათ. საბოლოოდ მან შესანიშნავი სტატისტიკური მონაგარიც გაიფორმა: 17 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი. გამოსარჩევია ზაზას მიერ 7 ცდიდან ჩაგდებული 7 საჯარიმო. შესანიშნავი შედეგიანობით ესროლა ფაჩულიამ ორქულიანებიც: 7–დან 5.
 
ფაჩულიას კონკურენტმა ალ ჰორფორდმა ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში კი დაიწყო თამაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც ქართველი ცენტრის ჩინებული გარჯა გახლდათ. ჰორფორდმა თამაში 2 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
 
მომდევნო მატჩს „ატლანტა ჰოუქსი“ ფილადელფიაში ზეგ გამთენიისას გამართავს.