ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა. ეს „კლივლენდთან“ მატჩში, დღეს გამთენიისას მოხდა. ატლანტელებმა მეტოქე 121:94 გაანადგურეს, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირად აქტივში ყველაზე მეტი ქულა ჩაიწერა.
ფაჩულიამ მოედანზე 29 წუთი გაატარა, როცა მისი კონკურენტი ჯეისონ კოლინსი მხოლოდ 8 წუთით დაიტვირთა. ფაჩულიამ თამაშიდან განხორციელებული 7 ტყორცნიდან 6 ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმო მოაყოლა და 13 ქულა დაუგროვდა. ზაზამ ასევე 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაც მიითვალა.
ატლანტელთა ბომბარდირი ჯო ჯონსონი გახდა, რომელმაც პირად აქტივში 25 ქულა ჩაიწერა.ჯეფ ტიგსა და ჯანერო პარგოს 14–14 ქულა ჰქონდათ და სწორედ ამათ შემდეგ მოდის ფაჩულია.
„ატლანტას“ 12 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–6 ადგილზე იმყოფება. ხოლო საკუთარ, სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში „ორლანდოსა“ და „მაიამის“ შემდეგ მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ქორები“ 24 იანვარს მილუოკიში „ბაქსთან“ გამართავენ.