ფაჩულია მოედანს 6 ქულით დაუბრუნდა, შენგელია კი ვარჯიშობს

ფაჩულია მოედანს 6 ქულით დაუბრუნდა, შენგელია კი ვარჯიშობს

ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა, თორნიკე შენგელია კი ჯერ ბოლომდე მწყობრში არ ჩამდგარა. „ატლანტა ჰოუქსის“ ქართველ ცენტრს აქილევსის მყესი აწუხებდა, რის გამოც 4 მატჩი გამოტოვა და მოედანს დღეს, გამთენიისას გამართულ მატჩში დაუბრუნდა. ზაზას დარბუნება ვერ გამოდგა „ჰოუქსისთვის“ ფეხბედნიერი. ატლანტელებმა შინ ლიგის ერთ-ერთ სუსტ გუნდთან, „ნიუ ორლეანთან“ წააგეს – 100:111.
 
ფაჩულია სათადარიგიოთა შორის იყო და მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რითაც მისმა მონაგარმა 6 ქულა შეადგინა. ფაჩულიამ 3 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარებაც მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ატლანტელებში საუკეთესო ჯოშ სმიტი იყო: 23 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა.
 

რობინ ლოპესი და ზაზა ფაჩულია
 
დამარცხდა თორნიკე შენგელიას „ბრუკლინიც“, ქართველი ფორვარდი კი განაცხადში ისევ არ იყო. შენგელია გამოჯანმრთელებულია და ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა მწვრთნელები მატჩებში მის გამოყენებას არ ჩქარობენ. ბრუკლინელებმა მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში „ვიზარდსთან“ 74:89 წააგეს.
 
სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეექვსეა, „ბრუკლინი“ კი კვლავ მეხუთე. მომდევნო მატჩები: შენგელიას გუნდი 10 თებერვალშს „სან ანტონიოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ატლანტა“ 11-ში დალასში „მავერიკსს“ შეხვდება.