ფაჩულია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა

2–მატჩიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებდა. ატლანტელებმა ამ გამთენიისას ლოს ანჯელესში „კლიპერსს“ 110:92  მოუგეს და ქართველმა ცენტრმა ამ მატჩში 18,29 წუთი ითამაშა.
ფაჩულიას ურიგოდ არ უთამაშია, პირიქით, უქმობისა და ტრავმიანობის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ზაზამ 7–ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 3 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4–დან 2–ჯერ იხეირა. შედეგად, ქართველმა ცენტრმა 8 ქულა დააგროვა, რასაც 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. ანუ ქართველმა ცენტრმა ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელს გაუსინჯა გემო. რაც შეეხება შეცდომებს, ფაჩულიამ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი.
ატლანტელები ამ გამარჯვებით „ბოსტონს“ წამოეწივნენ და „კელთებთან“ ერთად აღმოსავლეთში 3–4 ადგილებს იყოფენ. ორივე გუნდს 33 მოგება და 18 მარცხი აქვთ.
 

ზაზა ფაჩულიას კლიპერსელი
რაშუალ ბატლერი ეღობება