ფაჩულია სასტარტო ხუთეულს 19 წუთით და 12 ქულით დაუბრუნდა

ფაჩულია სასტარტო ხუთეულს 19 წუთით და 12 ქულით დაუბრუნდა

19 წუთში 12 ქულა – ზაზა ფაჩულიამ მცირე პაუზის შემდეგ ისევ შედეგიანად ითამაშა. „მილუოკი ბაქსმა“ „ფილადელფიას“ უმასპინძლა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი შეიმატა. ამ უკანასკნელს „მილუოკიში“ დებიუტი სწორედ თავის ყოფილ გუნდთან ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ხეირიანად ვერ გაისარჯა, მილუოკელებმა მაინც იმარჯვეს – 104:88.
საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გატარა. ზაზამ 11 ცდიდან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 12 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. კარტერ უილიამსმა 18 წუთში 7 ქულა და 8 პასი დააგროვა, საუკეთესო შედეგი კი ჯონ ჰენსონმა დააფიქსირა – 21 ქულა და 9 მოხსნა.
32 მოგებითა და 25 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 ადგილზე მყარადაა. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 27 თებერვალს, ლოს ანჯელესში, ადგილობრივ „ლეიკერსთან“ აქვს.